მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ბიუჯეტის შემოსავალი მოგების გადასახადიდან წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა

5f49610d4d858
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 00:00
1121
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2020 წლის ივლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში აკრეფილი მოგების გადასახადის მოცულობამ 65.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8 მილიონი ლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია.

გასული თვის განმავლობაში მოგების მსგავსად შემცირდა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც: 

ივლისში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ წინა წელთან შედარებით 136.2 მილიონი ლარით ანუ 28%-ით იკლო და მხოლოდ 348 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წლის 7 თვეში კი ჯამურად დღგ-ს სახით 2 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283 მილიონი ლარით ნაკლებია. 
დღგ-ს შემოსავლის შემცირება, ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობაზე მეტყველებს.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, მისმა მოცულობამ ივლისში 226 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 33 მილიონი ლარით ანუ 13%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავისმხრივ, საშემოსავლო გადასახადის 33 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების 165 მილიონი ლარით შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.