20.ნოემბერი .2019 12:41

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს პასუხობს - "გათანაბრებული ტარიფები ემყარება ბაზრის კვლევას"

views 1040
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები.

კითხვაზე, ჩართული იყვნენ თუ არა მთავრობის შესაბამისი დადგენილების მომზადებაში კლინიკები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფომ კლინიკების ხარჯების შესახებ ინფორმაცია სწორედ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური განყოფილებიდან გამოითხოვა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები ბაზრის კვლევას ემყარება.

“სამუშაო, რომელიც წინ უძღოდა ამ კონკრეტული დადგენილების მომზადებას, მოიცავდა სულ მცირე 4-თვიან ანალიზს და მუშაობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან. ეს მუშაობა ითვალისწინებდა ფაქტიური ხარჯების შესწავლას და დარწმუნებული ვარ, ამ დაწესებულების ფინანსური მენეჯერები დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მათგან მოიპოვა დანახარჯების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გაანალიზდა და ის ხარჯი, რომელიც დღეს ასახულია დადგენილებაში და რის საფუძველზეც განისაზღვრა ტარიფები, ემყარება რეალურ, ფაქტიურ ხარჯებს.

მუდმივად არის წუხილი შემცირებაზე და რომ ვერ მოხერხდება ამით(ტარიფებით) ხარჯების ანაზღაურება, მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, 18 პოზიციიდან, რომელიც კარდიოქირურგიას შეეხება - აქედან 6 პოზიციაზე ხარჯი, რომელიც ახლანდელ ტარიფშია ასახული, არის დაახლოებით 6%-დან 10%-მდე გაზრდილი, ვიდრე არის ბაზარზე საშუალო ფასი. სხვა პოზიციებისთვის არის შემცირებული ტარიფი, ერთ პოზიციაზე საერთოდ არ არის შეცვლილი ტარიფი საშუალო ფასთან მიმართებით”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, როდესაც ის საუბრობს საშუალო ფასზე, აქ გათვალისწინებულია ის დიდი მერყეობა ფასებს შორის, რაც ბაზარზე დღეს არსებობს.

“ერთ კლინიკაში ფასი არის დაბალი, სხვა კლინიკაში იგივე ინტერვენციაზე არის მაღალი, რაც ძალიან ძნელი ასახსნელია. ამისთვისაც ჩავატარეთ სერიოზული სამუშაო, რადგან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ემყარება განსხვავება ფასებს შორის, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე.

ამ შემთხვევაში მოხდა ტარიფების გათანაბრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველგან ერთი და იმავე ტარიფით უნდა მოხდეს ამ კონკრეტული სერვისის ანაზღაურება, რაც ათანაბრებს თანაგადახდის წილს პაციენტისთვის. თუ აქამდე პაციენტს უხდებოდა 30%-იანი თანაგადხდის გადახდა სხვადასხვა ოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხა იყო ძალიან სოლიდური და სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს. და რისი განმარტებაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ეს არ იყო არგუმენტირებული განსხვავება. დღეს ეს განსხვავება იხსნება”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა