მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან პროდაქტ რენესანსმა“ 6 ტონა პეკანი ექსპორტზე პოლონეთში გაიტანა

618c09fa6d43b
მარიამ იზორია
10.11.21 22:00
1345
თხილისა და პეკანის კაკლის გადამმუშავებელმა საწარმომ „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსმა“ (GPR) წელს 20 ტონა პეკანი გადაამუშავა, საიდანაც 6 ტონა გული, ე.წ „პეპელა“ ექსპორტზე პოლონეთში ვაკუუმ შეფუთვით გაიტანა, ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა.

როგორც“ ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის“ თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ BM.GE-ის განუმარტა, პროდუქტი პოლონეთის მარკეტებში გაიყიდება. მისივე თქმით, კომპანიამ პეკანის გადამმუშავებელი ხაზი წელს პირველად დაამატა და მომდევნო სეზონზე ექსპორტი ევროპისა და აზიის ქვეყნებში განიხილება.

„პეკანის კაკლის გადამმუშავებელი ხაზი წელს დავამატეთ და ერთადერთი კომპანია ვართ, რომელმაც ექსპორტი განვახორციელეთ, წელსაც ვაგრძელებთ ფერმერებისგან ნედლეულის ჩაბარებას და ვფიქრობთ, წარმადობას გავზრდით.

პირველივე წელი საკმაოდ მომგებიანი იყო, თუმცა პეკანის გადამუშავებას დიდი დანახარჯი აქვს, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში კომერციული ბაღები ჯერჯერობით არ არის, გვინდა უცხოელ ექსპერტებთან კვლევა გავაკეთოთ, რომელიც საქართველოში პეკანის კომერციული ბაღების გაშენებას შეეხება, პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია და მუდმივ დეფიციტშია, რა რაოდენობაც არ უნდა გვქონდეს საერთაშორისო ბაზარზე აუცილებლად გაიყიდება, მაღალი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზეც, საკონდიტროები პეკანს აქტიურად ყიდულობენ“, - განმარტავს "ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის" თანადამფუძნებელი.

„ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი“ 2014 წლიდან თხილის გადამუშავებით არის დაკავებული და პროდუქტს 35-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. პეკანის კაკლის გადამმუშავებელი ხაზის დამატების პროექტის ინვესტიციამ $70 000 შეადგინა. კომპანიას ორი საწარმო აქვს, ერთი კახეთში და მეორე სამეგრელოში. ის ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.