მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ის დირექტორი აშშ-ის პრეზიდენტად? – უოლ-სტრიტი ჯეიმი დაიმონის კანდიდატურას განიხილავს

6478771baebde
გიორგი თოლორდავა
01.06.23 15:30
885
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, სულ უფრო მეტად აქტიურდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ გაუწევს კონკურენციას ჯო ბაიდენს და ვინ იქნება რესპუბლიკელების რჩეული.

მართალია, დონალდ ტრამპის კანდიდატურა ისევ აქტიურად განიხილება, თუმცა მისი პოლიტიკური ისტორია არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის და ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის ხელმძღვანელის, ბილ აკმანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა პლანეტის უმსხვილესი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა უნდა დააყენოს.

აკმანის განმარტებით, დაიმონს აქვს ყველა ის თვისება და უნარი, რაც ამერიკის პრეზიდენტს სჭირდება. გარდა ამისა, ის ზედმიწევნით ზუსტად იცნობს გლობალურ ეკონომიკას და საფინანსო სისტემას, რის გამოც ის ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატია.

„ამ კრიტიკული მნიშვნელობის ეპოქაში ამერიკას სჭირდება სამაგალითო ბიზნესმენი, ფინანსისტი და ძლიერი ლიდერი, რომელიც გლობალური წესრიგის მართვის სადავეებს ხელში აიღებს და მსოფლიოს წინ გაუძღება. ჯეიმი დაიმონი სწორედ ასეთი ლიდერია, მისი კარიერა კი ამის თვალსაჩინო მაგალითია“, - ამბობს ბილ აკმანი.

დაიმონის კანდიდატურას მხარს უჭერენ უოლ-სტრიტის სხვა გავლენიანი წარმომადგენლებიც, რომლებიც JPMorgan-ის ხელმძღვანელს ტრამპის ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ Bloomberg-თან ინტერვიუში დაიმონმა აღნიშნა, რომ ის საჯარო მოღვაწეობის დაწყებაზეც ფიქრობს და არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს ის პლანეტის უმსხვილესი ბანკის მართვიდან პოლიტიკურ ლიდერობაზე გადაერთოს.

67 წლის დაიმონი JPMorgan-ს 2005 წლიდან ხელმძღვანელობს, ის უოლ-სტრიტის დე-ფაქტო ლიდერად და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბანკირად მიიჩნევა, რომლის ქონების შეფასება 2 მილიარდ დოლარს აღწევს. თავად JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 400 მილიარდი დოლარია და ის მსოფლიოს მასშტაბით 4 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.