მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრების მოწყობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 161 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯება

614c8dcc41b7d
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 21:10
1166
ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრების მოწყობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 161 606 ლარი დაიხარჯება - ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის მთავრობის ტურიზმისა ად კურორტების დეპარტამენტმა BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ მოაწოდა.

აღნიშნული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ BM.GE ჯერ კიდევ მაისში წერდა, თუმცა მაშინ პროექტის დეტალები დაზუსტებული არ იყო. დღეს უწყებაში აცხადებენ, რომ 88 კმ-ის სიგრძეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაწყებულია და ტურისტებს მისით სარგებლობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან შეძლებენ.

„აჭარაში ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იალაღებზე ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე აწყობს. ჯვარიმინდორზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ააიპ „სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია“ აწყობს. მომსახურება 161 606 ლარზეა გაფორმებული. იქვეა საპიკნიკე ზონაც, რომლის მოწყობაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა. ადგილზე დამონტაჟებულია საქანელები, ფანჩატური და საცეცხლური“, - აცხადებენ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.



მათივე ინფორმაციით, ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდების, ხის სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ე.წ „კემპინგსოფლის“ ტერიტორიაზე ქოხებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა კეთდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე, ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ღამისთევისა და დასვენების საშუალება შემოდგომის ბოლოდან შეეძლებათ.



„ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა“, - აღნიშნავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.