მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის ეკონომიკური მდგომარეობა (თებერვალი)

62475e7eda9e9
ეგნატე შამუგია
02.04.22 12:00
4083
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე მკვეთრად აისახა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის კლების ნიშნული 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საკმაოდ არასახარბიელო იქნება.
 
პანდემიის მეორე წელი კი ეკონომიკების აღდგენის პერიოდია. გასულ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით აჭარბებს. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 3.1%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს. საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩევა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, რაც მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენა დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შედარებით მაღალი დინამიკის აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. წლის მანძილზე გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნდათ, რომელიც წლის ბოლო გამართლდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 3.1%-ით მეტია. აღნიშნული კი ადგილობრივ პროგნოზებსაც აღემატება, რადგან მთავრობის და ცენტრალური ბანკის ვარაუდით ეს მაჩვენებლები 2.5% და 2.1% -ები იყო. ამგვარი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 18.0%-ით გაიზარდა, მაგრამ უმეტესწილად საბაზო ეფექტს უკავშირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული. „დიდი ჩაკეტვამდე“ პერიოდთან შედარებით, იანვარში ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია. რაც შეეხება თებერვალს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 14.6%-ია, ხოლო ორი თვის საშუალო 16.3%-ს აღწევს. თუმცა, ამ ნიშნულში საბაზო ეფექტის წვლილი თვალსაჩინოა. პანდემიამდე პერიოდთან, 2020 წელის თებერვალთან შედარებით, ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც ორი თვის საშუალოს შემთხვევაში უფრო ნაკლები, 6.9%-ია.

შედარებით განსხვავებული სურათია სამეზობლოში, რადგან აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის უფრო დაბალი ტემპია, ხოლო სომხეთში ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს ჩამორჩება. აზერბაიჯანში 2021 წელს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. შედეგად, გასულ წელის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატება. მიმდინარე წლის იანვარში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 3.2%-ით მეტია, რადგან გასული წლის იანვარში ეკონომიკა 2.5%-ით იყო შემცირებული. იანვარში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი, 8.8% იყო, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდშიც არ შემცირებულა. იანვარ-თებერვალში რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 3.3%-ით აღემატება, რადგან 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა 3.2%-ით იყო შემცირებული, ხოლო მიმდინარე წლის ამავე პერიოდში 6.7%-ითაა გაზრდილი.

ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობაა. პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების შემთხვევაში უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე აზერბაიჯანის. აღნიშნული ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. საქართველოსა და სომხეთში დომინანტური მომსახურება და ტურიზმის სექტორია. მთავრობის შეზღუდვები კი პირდაპირ აღნიშნულ სექტორებს ეხებოდა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. გასულ წელს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, მაგრამ პანდემიის პირველ წელს ეკონომიკის 7.4%-იანი კლება იყო. მიმდინარე წლის იანვარში კი სომხეთის ეკონომიკა 15.4%-ითაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტის შედეგია, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა 7.5%-ით იყო შემცირებული. მიუხედავად ამისა, იანვარში პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ზრდა 6.7%-ია. თებერვალში კი ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო პირველ ორ თვეში სომხეთის ეკონომიკა 12.0%-ითაა გაზრდილი, მაგრამ, საქართველოს მსგავსად საბაზო ეფექტის წვლილი მაღალია. 2022 წლის იანვარ-თებერვალში სომხეთის ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს 4.5%-ით აღემატება.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით გასულ წელს საქართველო გამოირჩეოდა, ხოლო სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო, რადგან ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს ჩამორჩებოდა. თუმცა, მიმდინარე წელი განსხვავებულად დაიწყო, რადგან პანდემიამდე პერიოდთან შედარებით უფრო მაღალი ზრდა სომხეთშიც. შედარებით დაბალი კი აზერბაიჯანშია.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვალი კავკასიის ქვეყნებისთვის პოზიტიური იყო, მარტის მდგომარეობა გაუარესებისკენ იქნება შეცვლილი, სადაც ომის შედეგები აისახება. თუმცა, გამონაკლისი აზერბაიჯანია, რომელი ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობის და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. იმ ფონზე, როცა რუსეთიდან აღნიშნული საქონლის ექსპორტი მცირდება, აზერბაიჯანიდან იზრდება. მეორე მხრივ, ნავთობზე მასშტაბურად გაზრდილი ფასების პირობებში მეტი შემოსავლის გენერირება ხდება, რაც მთლიან ეკონომიკაზე დადებითად აისახება. რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის ევროპული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც იანვარში არსებული მსოფლიო ბანკის პროგნოზთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით მეტია. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.5% იყო, მაგრამ ამ კვირას გამოქვეყნებული პროგნოზით, ეს ნიშნული 2.0%-ია. სომხეთში კი ეკონომიკის მხოლოდ 1.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ომამდე 4.8%-ით იყო პროგნოზირებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგნოზები გლობალურად მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში მომზადებული, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება. კერძოდ, პროგნოზი ითვალისწინებს რამდენიმე თვეში ომის შეწყვეტას და უკრაინაში მყისიერად რეკონსტრუქციის პროცესის დაწებას. აგრეთვე, რუსეთზე დაწესებული სანქციების შენარჩუნებას.