მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინის” ახალი მფლობელი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

60a67b504abb5
სალომე მეცხვარიშვილი
20.05.21 19:43
1095
“კავკასუს ონლაინის” ახალი მფლობელი, აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგი” საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს - ამას ოფიციალურად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელიც. კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიმდინარეობს. ქართულ მხარეს საერთაშორისო არბიტრაჟში “ნექსოლ ჰოლდინგმა” და მისმა მფლობელმა უჩივლეს. “ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ” - ასე ჰქვია საქმეს, რომლითაც “კავკასუს ონლაინის” ახალი მფლობელები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას აპროტესტებენ.

კომუნიკაციების კომისიის იურისტის ირაკლი ბუთბაიას განცხადებით, “კავკასუსის” ახალმა,100%-იანი წილის მფლობელმა, “ნექსოლ ჰოლდინგმა” სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟში დააყენა შუამდგომლობა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა “კავკასუს ონლაინის” დირექტორი რევაზ კოპალაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მაღალი დონის შეხვედრები მხარეებს შორის წესით მალე უნდა გაიმართოს.

კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, დაელოდოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების საბოლოო შედეგებს და ნაბიჯები ამის მიხედვით გადადგას. დღევანდელ სხდომაზე კომისიას უნდა ემსჯელა დაეკისრებინა თუ არა მორიგ ჯერზე სანქცია “კავკასუს ონლაინისთვის”, ამჯერად 51%-იანი წილის უკანონოდ გასხვისების გამო.

თუ თავდაპირველად სადავო იყო “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის გახსვისება აზერბაიჯანულ “ნექსოლ ჰოლდინგზე”, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა, მოგვიანებით ქართულმა მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ მათთან შეთანხმების გარეშე “კავკასუსის” 51%-იანი წილიც გაიყიდა, სწორედ ამ დარღვევისთვის უნდა დაეკისრებინა დღეს პასუხისმგებლობა “კავკასუს ონლაინისთვის” კომუნიკაციების კომისიას.

ჯარიმის ოდენობა 27 ათასიდან- 270 ათას ლარამდე შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, კომისიამ გადაწყვიტა, სხდომა სანქციის გარეშე დაესრულებინა და 3-თვიანი ვადა მიეცა კომპანიისთვის, რომ საბოლოოდ კომპანიის 100% დაუბრუნოს მის პირვანდელ მმართველს - ხვიჩა მაქაცარიას და მხოლოდ მარეგულირებლის თანხმობის შემდეგ გაასხვისოს წილები.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები