მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე - რამდენიმე ბიზნესმენმა "რიყის დოქების" 1 ლარად გადაცემაზე უარი განაცხადა

5df35283b8806
ინგა მურუსიძე
13.12.19 13:09
2103
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ბიზნესმენს რიყეზე არსებული ე.წ. დოქების 1 ლარად გადაცემა შესთავაზეს, თუმცა პროექტის დასრულებაზე ყველა უარს ამბობს.

Bm.ge-ს კითხვას, უქმნის თუ არა მერიას უხერხულობას ის საკითხი, რომ ე.წ. დოქები ამ ხნის განმავლობაში უფუნქციოდ არის დარჩენილი, კალაძემ უპასუხა, რომ "უხერხულობა მათ და მაშინ უნდა გასჩენოდათ, როცა ასეთ პროექტს აკეთებდნენ".

"უხერხულობა ალბათ მაშინ უნდა გასჩენოდათ, როცა ასეთ პროექტს აკეთებდნენ და ამხელა თანხას იხდიდნენ. ჩვენ გვქონდა რამდენჯერმე შეხვედრა მსხვილ ბიზნესთან და შეთავაზება, რომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაგვეცა ეს ფართი, რათა შემდგომ მათ აეღოთ პასუხისმგებლობა პროექტის დასრულებასა და მოწესრიგებაზე, თუმცა ყველამ უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც ნახეს, თუ რა მდგომარეობაშია ის. სამუშაოს დასრულებას სჭირდება დაახლოებით 18-20 მილიონი, რაც ბიზნესისთვის ცოტა რთულია ასეთი პროექტების განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, დაბინძურებულ დოქებს მერია რატომ არ ასუფთავებს, კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მისი უფუნქციობაა და არა – დასუფთავება.

"რაც არ უნდა გაწმინდო, თუ ის ფუნქციური არ არის და ყოველთვის არ ხდება თუნდაც გაწმენდითი სამუშაოების წარმოება, მნიშვნელობა არ აქვს. შიგნიდან არის 4 სართულიანი შენობა, რომელიც არის დაუმთავრებელი, ძალიან დაბინძურებულია და ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი მიგდომა, პრობლემის მოგვარება, რომელიც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა კალაძემ.