მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“ - კობახიძე ადასტურებს, რომ „რიყის დოქებს“ დაშლიან

რიყის დოქები

„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „მახინჯი [რიყის] დოქების ადგილას კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც ძველი თბილისის იერსახესთან თანხვედრაში იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის,რომ საქართველოს მთავრობის მიერ 6 მაისის განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ შეიძლება “რიყის დოქების” დემონტაჟი მოხდეს და იქ სასტუმრო გაიხსნას. ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ მისცა კობახიძემ რიყის დოქების დემონტაჟის უფლება, „ოცნების“ პრემიერი ასე პასუხობს: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. მეორე ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე ჰარმონიულად იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“.

კითხვაზე - შეეხება თუ არა რამე მშვიდობის ხიდს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „არა, არავითარ შემთხვევაში. აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. [რა იქნება მათ ადგილას] დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი რომელიც განხორციელდება შერწყმული იყოს ძველი თბილისის გარემოსთან“.

ინფორმაციისთვის:

2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა. კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.

ამასთან, 2023 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები" მიმდინარე წელს გაყიდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ახალი მფლობელი 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანიაა "რიყე დომ"-ი იყო.

კომპანიის წილის 100%-ს შპს ნ.გ.ბ. ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის. დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია. ტყეშელაშვილი თავად ფლობს და თავადაა დირექტორი შპს ბუფალოში. ასევე, დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს ფონიჭალა ვუდსში, შპს ზაჰესი ლენდსში, შპს ორთაჭალ ოილში, შპს პორტრეტ თბილისში, შპს დი ვიჟენ გრუპში და შპს მაქრო ფროფერთიში.

რაც შეეხება მფლობელ თორნიკე კოპალიანს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ფლობს, შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები