მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიბერუსაფრთხოების კუთხით საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“

602003ba15c23
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 09:00
900
საკონსულტაციო კომპანია "BDO საქართველოს" მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სახელმწიფოს და კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს კიბერუსაფრთხოების საკითხი. აღნიშნულ საკითხზე ზურაბ ლალაზაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, BDO-მ საქართველოში IT სისტემების განვითარების მიმართულებით ინტენსიური ინვესტიციების განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო და ამ კუთხით მუდმივად განვითარების პროცესშია.

„ვხედავთ, რომ დღეს არც სახელმწიფო დონეზე, არც ბიზნესების დიდ ნაწილში არ არის გათვითცნობიერებული ის, რომ ციფრულ ფორმატში გადასვლის პროცესში, ჩვენი ძირითადი აქტივი საინფორმაციო სისტემები და ციფრული მონაცემები ხდება. მსხვილი კომპანიების მაგალითზე, რომ წარმოვიდგინოთ, თუ კომპანიას არ აქვს წვდომა თავისსავე ინფორმაციაზე, ამან შესაძლოა, მისი ზარალი იმდენად გაზარდოს, რომ შეუსაბამო იყოს იმ ინვესტიციასთან, რაც თავის დროზე IT სისტემების მოწესრიგებისთვის ყოფილიყო საჭირო“, - აცხადებს ლალაზაშვილი.

BDO-ს მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია ერთობლივად უნდა შეიმუშაოს.

„ჩვენ არც ქვეყნის და არც კერძო სექტორის დონეზე კიბერუსაფრთხოების სტრატეგია არ გვაქვს. ნებისმიერი ჰაკერი თავისუფლად შეძლებს ძალიან ცუდ დღეში ჩააყენოს საჯარო და კერძო სექტორიც. ყველაზე კარგად ამ კუთხით წარმოდგენილნი არიან ბანკები, რადგან ეროვნული ბანკის დონეზე არის IT უსაფრთხოების რეგულირება. ბანკების ნაწილში რომ არ იყოს კარგად დაცული საქმე, მაშინ ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიქნებოდით. როდესაც სახელმწიფო დონეზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ კიბერთავდაცვისთვის ვემზადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა - ხედვა, განათლება, რას ვაკეთებთ თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება. ისევე უნდა ვიზრუნოთ კიბერუსაფრთხოებაზე, როგორც ფიზიკურ თუ ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.