მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ „კავკასუსს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 31 დეკემბრამდე მისცა

61697e4996a0f
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 17:13
1090
კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს", რომელიც ამჟამად თავად კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ იმართება, კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა. კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "კავკასუს ონლაინი" კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად. შეგახსენებთ, რომ Neqsol Holding-ის მიერ "კავკასუს ონლაინის" შესყიდვას კომუნიკაციების კომისია "უკანონოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გარიგება მასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც კომპანიის ინვესტორის მიერ არ მომხდარა.

"კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა.

კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტების კომუნიკაციების კომისიაში წარდგენის ვადად - 2021 წლის არაუგვიანეს 31 დეკემბერისა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი“ კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დაასანქცირა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია. ამის შემდგომ, 2021 წლის 22 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის დარჩენილი 51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება 2021 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით დაავალა, მაგრამ კომპანიას ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით,"- ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

რა ხდება "კავკასუს ონლაინში":

შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ პროცესი მორიგების ეტაპზე იყო გადასული. თუმცა, კომისიის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის პოზიციები სავარაუდოდ არ დაახლოებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები