მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Frontera-ში რესტუქტურიზაციაა

5f88310eb3075
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.20 15:35
1682
ენერგოკომპანია Frontera-ში რესტრუქტურიზაციაა. ამის შესახებ BMG-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კაიმანის კუნძულებზე Frontera-ს კუთვნილი იურიდიული პირების გაუქმებაც სწორედ რესტრუქტურიზაციის ნაწილს წარმოადგენს. ამასთანავე, მამულაიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მათ მიერ დაფუძნებული კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” საქმიანობას აგრძელებს.

მამულაიშვილი რესტრუქტურიზაციის კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად კომპანიაში Outrider Managmenet-ის წილი გაიზრდება. მისი თქმით, წარსულში Outrider Managmenet-ი მხოლოდ ნოუთჰოლდერი იყო, ამჟამად კი მათი წილების ერთ-ერთი მესაკუთრე ხდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Outrider Management-მა საქართველოს მთავრობას მიმართა და მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვების ნებართვის მათთვის გადაცემა მოითხოვა.

კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.

განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Outrider Management-ი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი, კომპანია Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო. Outrider-ის ინფორმაციით, Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პრობლემური აღმოჩნდა და კომპანიას მათ წინაშე $35 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც ის სასამართლო დავაში იყო ჩართული.

„Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა", - ნათქვამია კომპანია Outrider Management- ის განცხადებაში.

„Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ - ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, Frontera-მ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობის 99% სახელმწიფოს გადასცა. ეს იყო ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები არ ხორციელდებოდა. მამულაიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე ახალი ლიცენზიანტის შემოყვანისთვის ახალი ტენდერის გამოცხადება შეუძლია. ხოლო სალიცენზიო ფართობის 1%-ზე, სადაც კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებდა, ლიცენზია კიდევ 7 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

“ჩვენ დავიტოვეთ ის ტერიტორიები, სადაც ხდება ნავთობისა და გაზის მოპოვება, დანარჩენი, ამ ტერიტორიების მიღმა რასაც ერქვა “საძიებო ფართობი” ის მთავრობას უნდოდა, რომ დაგვებრუნებინა და დავუბრუნეთ. იქ საძიებო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ანუ ინვესტიციები უნდა განახორციელონ. იქ ლიცენზია ჩვენი კუთვნილი არ არის,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

Outrider Management-ის განცხადებასთან დაკავშირებით კი ფრონტერას დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია იმ თანხების დაბრუნების გარანტირებას ცდილობს, რომლებიც მათ პროექტში ჩადეს. მამულაიშვილის განცხადებით, საქართველოში ნავთობის კვლევა-ძიებისთვის მათ მიერ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი არის ინვესტირებული, ხოლო ნავთობის რეალიზებით მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ $60 მილიონია, შესაბამისად Outrider-იც და სხვა სტეიკჰოლდერებიც მათი ინვესტიციების უკან დაბრუნებას ცდილობენ.

“ამ პროექტში ძებნა-ძიების სახით ჩვენ მიერ ინვესტირებულია თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი და დაახლოებით $60 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და გაზი არის ჯერ-ჯერობით მოპოვებული. თუმცა, ამ ინვესტიციების შედეგად დადგინდა საბადო, მაგრამ ჯერჯერობით მისი ფართომასშტაბიანი ათვისება არ დაწყებულა. შესაბამისად კომპანია Outrider Management-საც და სხვა კომპანიებსაც, რომელთაც კაპიტალი აქვთ ჩადებული, უკუგება ჯერ არ მიუღიათ. ამ მხრივ გასაგებია Outrider Management-ის და სხვა აქციონერების და მათ შორის ჩემი სურვილიც, რომ უკუგებით დაგვიბრუნდეს ეს კაპიტალი.

Outrider Management-ი გახდა უფრო მნიშვნელოვანი სტეიკჰოლდერი, ვიდრე წარსულში იყო და ახლა უნდა რომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ ყველაფერში. მე მართალი გითხრათ ეს წერილი არ მინახავს, თუმცა მათგან იგრძნობოდა, რომ გარანტირება უნდოდათ ამ თანხის დაბრუნებისთვის,”- აცხადებს მამულაიშვილი.

ზაზა მამულაიშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავრობამ დააკმაყოფილოს Outrider Management-ის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ვალდებულება გადავიდეს ახალ კომპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ნავთობის მოპოვების ლიცენზიას მიიღებს.

“მე არ მესახება ძალიან რეალურად, რომ ამგვარი მოთხოვნა მთავრობამ გაითვალისწინოს. ასეთი პრაქტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, რომ თუკი ვთქვათ ახალი ლიცენზია იქნა და ახალი კომპანია შემოვიდა მას ვალდებულება ჰქონდეს, რომ იქნება ეს Outrider-ის თუ სხვა ყოფილი ინვესტორის მიმართ, მან აუცილებლად გადაუხადოს ეს თანხა. ასეთი პრაქტიკა არ არის ხოლმე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუკი მთავრობა ტენდერზე გაიტანს ლიცენზიას, იქ ვალდებულებაში ჩადოს, რომ წინა კომპანია ვინც იყო და წინა აქციონერი ვინც იყო ისინი დაკმაყოფილდნენ. ეს პრაქტიკაში არც არის მიღებული,”- განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

უფრო ვრცლად, Outrider Management-ის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები