15.სექტემბერი .2020 16:18

კომპანია „ნიბა“ რძის წარმოებას აფართოებს

views 316
უკან

თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მოქმედი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ ფართოვდება - ამის შესახებ BM.GE-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ნიბა“ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს კი ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის“ გამარჯვებული გახდა.

დღეისთვის მეურნეობა ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის.

„ნიბა 2008“-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება.

„ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი. ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში კვლავაც დიდია“, - ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს, რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება.

აღსანიშნავია, რომ ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს უკვე „ნიბას“ სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.
NS