29.იანვარი .2020 10:55

„კორონავირუსი სერიოზულად აისახება ტურიზმის შემოსავლებზე საქართველოში“

views 1443
უკან

"ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით 2020 წელს ჩინეთის ბაზრიდან ტურისტების შემოდინებაზე, თუმცა კორონავირუსის შედეგად კერძო სექტორის წამომადგენლებმა სერიოზული დარტყმა მივიღეთ", - ამის შესახებ wyndham grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა გიორგი დოლიძემ, გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ჯავშანი, რომელიც ჩინელი ტურისტების მხრიდან იყო გაკეთებული, ამ დროისთვის გაუქმებულია.

"მიმდინარე კვირაში გავაცილეთ ბოლო ჯგუფი, რომელიც ჰონგ–კონგიდან ჩამოვიდა ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი ტურისტი არ გვყავს ამ ქვეყნიდან და ვფიქრობ, რომ თუ გაგრძელდა მსგავსი ტენდენცია, მაშინ საქართველოში ათობით ათასი დოლარის ზარალზე გავალთ. მთლიანობაში, რომ შევაჯამო, სასტუმროში მთელი წლის განმავლობაში 600-დან 800 ღამემდე ჯავშანია გაუქმებული და არც მოლოდინები გვაქვს მათი ჩამოსვლის, გამომდინარე იქედან რომ უქმდება ავიარეისებიც, ანუ დაახლოებით 30 მილიონ ტურისტს აეკრძალა ჩინეთის მთავრობიდან ქვეყნის დატოვება, გამომდინარე იქედან, რომ შეიზღუდოს ვირუსის გავრცელების არეალი.

ასევე, აღვნიშნავ, რომ მთავარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მოსახლეობის ჯანმრთელობაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ვიზრუნოთ ამ ფაქტზე და დავძლიოთ პრობლემები", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

მისი თქმით, 2019 წლის რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე, განსაკუთრებული იმედი ჩინეთის ბაზარზე მყარდებოდა და თუკი შეფერხდება გრძელვადიან პერიოდში ჩინელი ტურისტების შემოდინება ქვეყანაში, მაშინ კერძო სექტორს, სხვა ბაზრებზე აქტიურად მოუწევს მუშაობა, იმ პრინციპით, რაც ჩინეთის ბაზარზე იყო მორგებული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2001-დან 2018 წლამდე 1300%-ით არის გაზრდილი ჩინელი ტურისტების მიმოსვლა მსოფლიო მასშტაბით. მათი ტოპ–მიმართულება იყო ამერიკა და შემდეგ – ევროპის ქვეყნები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა