29.იანვარი .2020 14:55

კორონავირუსის გამო, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ვარდნაა მოსალოდნელი

views 464
უკან

ჩინეთი მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის. ახალი ვირუსის შედეგად ამ დრომდე 132 ადამიანი დაიღუპა, 6,000-მდე პირი კი ინფიცირებულია. ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. ცენტრალურ ჩინეთში 11-მილიონიანი ქალაქი უხანი და მის გარშემო არსებული ჰუბეის პროვინცია ფაქტობრივად ჩაკეტილია. 40-მილიონი ადამიანის გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, მილიონობით ადამიანი ფაქტობრივად იძულებით შვებულებაში არის გასული, რადგანაც პროვინციაში არსებული ქარხნები და საწარმოები შეფერხებით მუშაობენ. 

წარმოების, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტურიზმისა და გართობის სექტორები არის ის სფეროები, რომლებზეც დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. 

ჰუბეის პროვინციის გარდა, შეფერხბებია ძიანსუს პროვინციაშიც, სადაც ქარხნების გახსნის თარიღმა 10 თებერვლამდე გადაინაცვლა. პროვინციაში ერთ მილიონზე მეტი მიგრანტი არის დასაქმებული, სატრანსპორტო შეზღუდვის გამო კი აქ არსებული საწარმოები მუშაობას ვერ იწყებენ. ძიანსუ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი წარმოების კერაა, აქ ქარხნები აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Apple-ის კონტრაქტორ Foxconn-ს, Samsung-ს, HP-სა და სხვა გლობალურ მწარმოებლებს. 

კრიზისის ფონზე საგანგებო განცხადება გააკეთა ჩინეთის საბანკო რეგულირების სახელმწიფო კომისიამ. კომისიის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო, მსესხებლებს, რომელთაც პრობლემები შეექმნებათ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შეუმცირდებათ, ასევე ხელახლა დადგინდება სესხის მომსახურების გრაფიკები. 

სატრანსპორტო სექტორში მკვეთრი შემცირებაა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში წლიურ ჭრილში 29%-ით შემცირდა რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები. 

მკვეთრად დაეცა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან. სატრანსპორტო და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორების შენელების გამო, გლობალურად ნავთობზე ფასებიც შემცირდა. ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინუმუმს ჩამოცდა და ბარელზე 58 დოლარი შეადგინა.

სხვადასხვა პროგნოზით, ნავარაუდევია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.5%-ით შემცირდება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა