მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოსტე“ მზა საკვების და ნაყინის წარმოებას იწყებს

634a8a000401c
მარიამ დემეტრაშვილი
15.10.22 15:00
728
„კოსტე“ მზა საკვებისა და ნაყინის წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბაღდავაძემ "ქალების ნარატივში" თქვა, წარმოების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანსაღი კვება იქნება.

„ყველაფერი, რაც ამ საქმის დასაწყებად გვჭირდებოდა, იქნება ეს დანადგარები თუ სხვა ინვენტარი, უკვე ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა შეგვიძლია წარმოების სრულყოფილად დაწყება. ახლა პერსონალის დაკომპლექტებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში ვართ.

სივრცე, სადაც ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, 500 კვ.მ. ფართობისაა. იქ გვაქვს ლაბორატორიაც, სადაც პროდუქტი სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. მაგალითად, გვაქვს საკვები, რომელიც რომელიც არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას და ა.შ. გვაქვს ასევე ჩვეულებრივი მიმართულებაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვქმნით მზა საკვებს, რომელიც ისეთი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული და შეფუთული, რომ სიახლე დიდხანს შეინარჩუნოს. წარმოიდგინეთ, მოდიხართ სახლში დამღლელი დღის შემდეგ, გამოაღებთ მაცივარს, გახსნით პროდუქტს, გააცხელებთ და შეგიძლიათ მიირთვათ 5 ვარსკვლავიანი რესტორნის საკვები სახლში", - განაცხადა თამარა ბაღდავაძემ გადაცემაში "ქალების ნარატივი".

საწყის ეტაპზე ეს პროდუქცია სასტუმრო "კოსტეში", მაცივრებში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა უბანში პატარა მაღაზიების გახსნა იგეგმება.

"მაღაზიებში გაიყიდება ჩვენი წარმოებული მზა საკვები, ნაყინი და ყავა. ასევე იმუშავებს "take away" (თან წაიღე) პრინციპიც", - თქვა თამარ ბაღდავაძემ.

რაც შეეხება ნაყინის წარმოებას, ჯანსაღი კვების კონცეფცია აქაც გათვალისწინებულია. "კოსტეს" დამფუძნებელი ამბობს, რომ ისინი მომხმარებელს შესთავაზებენ ნაყინს შაქრისა და ლაქტოზის გარეშე.

"ვეგანური პროდუქტებიც შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს. ვისაც ბევრი ტკბილი უყვარს, მათთვისაც იქნება არჩევანი, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ბაზარზე ცოტა განსხვავებულად შევიდეთ. ეს იქნება 0.5 ლ მოცულობის შუშის ქილაში ჩამოსხმული ნაყინი. რაც შეეხება ფასს, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იქნება, თუმცა ზუსტად რამდენი ეღირება, ჯერ არ დაგვითვლია", - აღნიშნა მან.

"კოსტეს" დამფუძნებლის თქმით, საკვების წარმოებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებისთვის ამ დრომდე 800 000 $ დაიხარჯა.