მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის მასშტაბით ჩვენი გაყიდვები გაორმაგებულია“ – „გურჯაანის ნაყინი“

64904ce60175d
სალომე ხიდურელი
20.06.23 09:30
1692
„გურჯაანის ნაყინი", რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე თითქმის 55 წელია ოპერირებს, ზაფხულის სეზონს ნაყინის ახალი გემოებით შეხვდა. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლელა ბერიკაშვილი BM.GE-ს უყვება, გემოების გამრავალფეროვნება გაგრძელდება.

„წლევანდელ სეზონს შევხვდით ნაყინის რამდენიმე ახალი სახეობით, კერძოდ, „ხვეულას“ არომატებს დავამატეთ ატამი და ნესვი, ასევე 0,5 კგ-იანი შეფუთვით ოჯახური ნაყინი გამოვუშვით მანგოს, ნესვისა და მარწყვის არომატით. სულ მალე დაგვემატება „ხვეულას“ ნაყინი საზამთროსა და ნესვისა და მანგოს გემოებითაც“, - ამბობს ლელა ბერიკაშვილი.

როგორც „გურჯაანის ნაყინის“ წარმომადგენელი გვიყვება, მოთხოვნა მათ ნაყინებზე ძალიან მაღალია, თუმცა გარკვეულ ქსელურ მარკეტებში კომპანიას პროდუქცია ვერ შეაქვს, რის მიზეზებსაც ბერიკაშვილი არ აკონკრეტებს.

„წელს „ფრესკოში“ შევედით, კერძო მაღაზიებშიც ძალიან მაღალია მოთხოვნა და კარგად იყიდება ჩვენი ნაყინი, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტ ქსელში შევიდეთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხდეთ.

დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით, წლის ამ პერიოდში გაყიდვები თითქმის გაორმაგებულია, მიუხედავად ცუდი ამინდებისა. საქართველოს მასშტაბით მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი და წლის ბოლოს გავიგებთ“, - ამბობს ლელა ბერიკაშვილი.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნაყინის ფასები შარშანდელი სეზონის ანალოგიურია, რადგან პროდუქციის თვითღირებულება შარშანდელს შემდეგ არ გაზრდილა.

ცნობისთვის, „გურჯაანის ნაყინს“ შპს „აისი“ მართავს. მათი საწარმო კი 120-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები