მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდთან ერთად ცხოვრებას სახლში ვერ ვისწავლით“ – „რედკოს“ დირექტორი

60104f006c921
თამთა ჯიჯავაძე
26.01.21 23:15
913
ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ჩაკეტილობით პანდემიის მართვა არ არის ის სრულყოფილი გზა, რითიც შეიძლება რაღაც ფონს გავიდეთ, მით უმეტეს ასეთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა.

„სამწუხაროდ მივიღეთ პასუხი რომ 1 თებერვლიდან არ გაიხსნება მთის კურორტები, სათხილომურო გზები და საბაგიროები. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ აგვეხსნა და შეგვეთავაზებინა, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით დაგვეცვა ყველა რეგულაცია, ისე როგორც ეს გაკეთდა მოლების შემთხვევაში და აღმოჩნდა წარმატებული, იქ არ მომხდარა ეპიდაფეთქება, ჩვენს შემთხვევაშიც მომხდარიყო ასეთ სატესტო რეჟიმში გახსნა. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებს და ეპიდემიოლოგებს აქვთ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება, რის გამოც დღეს ვერ შევთანხმდით“, - აღნიშნა კუნელაურმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრებას სახლში ვერ ვისწავლით და საჭიროა გახსნა.

„გრძელვადიანი გეგმა არის ის, რომ სუბსიდირება, ფინანსები, ხარჯები მივმართოთ კონტროლისკენ, რეგულაციების დაცვისკენ, მაქსიმალურად დავიცვათ ეს რეგულაციები და ამ მხრივ დააფინანსოს სახელმწიფომ რაც საჭირო, მაგალითად დამატებითი ადამიანური რესურსის აყვანა და არა ის რომ ჩავიკეტოთ სახლებში“, - დასძინა მან.

ხოლო 1 თებერვლიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე „რედკოს“ დირექტორმა განაცხადა, რომ ის ამაში ლოგიკას ვერ ხედავს.

„ფრენების აღდგენას, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მკაცრი კომენდანტის საათი, და შეზღუდულია ზამთრის კურორტები, რა აზრი აქვს, ტურისტი აქ რა მოტივაციით უნდა ჩამოვიყვანოთ, ეს ჩემთვის გაუგებარია. ფრენების აღდგენა მხოლოდ მაშინ მოიტანს შედეგებს, როდესაც ჩვენ რაღაც დონეზე შევძლებთ ტურიზმი გავხსნათ“, - განაცხადა მან.