მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოპროექტი Terra/Luna მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემა იყო - აშშ

63ef20d42f0ee
გიორგი თოლორდავა
17.02.23 10:45
3195
ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, კრიპტოპროექტი Terra/Luna მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემა იყო, მის დამფუძნებელ დო კვონს კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზება ედება ბრალად.

ცნობისთვის, დო კვონი საერთაშორისო ძებნილია და მას ამჟამად ინტერპოლი ეძებს. ბოლოს გავრცელებული ცნობების თანახმად, ის თავს სერბეთში აფარებს.

გასულ წელს კრიპტოინდუსტრია უპრეცედენტო მოვლენის წინაშე აღმოჩნდა - $60-მილიარდიანმა სტეიბლკოინმა TerraUSD-მ სრული კოლაფსი განიცადა, რასაც მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის, Luna-ს გაუფასურებაც მოჰყვა. მსოფლიოს უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის უკან კომპანია Terraform Labs-ის დამფუძნებელი, სამხრეთ კორეელი მეწარმე დო კვონი იდგა.

სამხრეთ კორეის სასამართლომ დო კვონი თაღლითობისა და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, ეჭვმიტანილად ცნო და მისი დაკავების ბრძანება გასცა.

დო კვონმა აქამდე გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კრიპტოპროექტის კოლაფსი არა თაღლითურ სქემასთან, არამედ Luna-ს სისტემაში არსებულ ფატალურ შეცდომასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჰაკერებმა ბოროტად გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობებით, Terra/Luna-ს კოლაფსამდე რამდენიმე დღით ადრე დო კვონმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა რამდენიმე მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა გაანაღდეს. აღნიშნული საეჭვო ტრანზაქცია კი აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაცია დეველოპერებს კრიპტოვალუტის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ, თუმცა საჭირო ზომები მაინც არ მიიღეს და ინვესტორები თითქმის 60 მილიარდი დოლარით დააზარალეს.