მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (17-22 აგვისტო)

5f4260736ed5b
ირაკლი მაკალათია
23.08.20 16:25
3066
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (17-22.08.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას: 


1. 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონემ 12.3% შეადგინა;
2. 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა;
3. კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუსი" 270,000 ლარით დააჯარიმა;
4. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები;
5. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონპროექტის სრული ვერსია და მისი შეფასება;
6. როდის აღდგება რეგულარული ფრენები;
7. ხაშურის შემოვლითი გზა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;
8. მთავრობის დახმარება სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს და რთველის სააკორდინაციო შტაბის გახსნა;
9. "თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური მიმოხილვა;
10. ,,მაკდონალდსის’’ ქსელი ფართოვდება.


1. 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონემ 12.3% შეადგინა

2020 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12.3% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 %-ით გაიზარდა. ეკონომიკური აქტიურობის დონემ 63,7% შეადგინა, წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელი დარჩა. დასაქმების დონემ 55.9% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0,5%-ით. დასაქმებულთა შორის, დაქირავებით დასაქმებულების წილია 48.6%, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 51,4%.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ქალაქ-სოფლის მიხედვით, ქალაქში უმუშევრობა 19.7%-ია, ხოლო ხოლო სოფლად - 4.7%. სოფლად უმუშევრობის დაბალ დონეს განსაზღვრავს თვითდასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილი. უმუშევრობის განაწილება სქესის მიხედვით კი შემდეგია: კაცებში უმუშევრობის დონემ 12.7% შეადგინა, ხოლო ქალებში - 11.8%.
ვრცლად: https://bit.ly/3l2RXBc  

2. 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. 2019 წელს საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 310.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.4%-ით მეტია. რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48.4%-ს შეადგენს, რაც გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით. ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან (236.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთიდან (175.3 მლნ აშშ დოლარი) და ირლანდიიდან ( 133.2 მლნ აშშ დოლარი).

ვრცლად: https://bit.ly/34pT7B5 ; https://bit.ly/3lcBbQn ; https://bit.ly/3jaM833  

3. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ 270,000 ლარით დააჯარიმა

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და კომისიის გარეშე დადებული გარიგების გასაბათილებლად ერთი თვე მისცა. საუბარია, იმ ტრანზაქციაზე, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული ჰოლდინგი „NEQSOL“-ი გახდა.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური მიიჩნევს, რომ განხორციელდა უკანონო ტრანზაქცია, რომელსაც არ აღიარებენ და თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდება კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულება, კომპანიას კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სანქციები დაეკისრება. NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი და EastWest Institute-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქემერონ მიუნტერი Newsweek-ზე მოსაზრებას აქვეყნებს, სადაც რუსული გავლენების საფრთხეებს და Caucasus Online-ისა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს. ის ასევე წერს, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ქვეყანას EU-სთან დააახლოვებდა

ვრცლად: https://bit.ly/3aTseqb ; https://bit.ly/3glWTxu; https://bit.ly/2Qfbi49

4. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

მიმდინარე კვირაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების განუსაზღვრელად გაფართოებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.

„ასოციაციაში მიესალმებიან და მხარს უჭერენ, შრომის კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ქალისა და მამაკაცის თანაბარ შრომით ანაზღაურების დანერგვას; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის ქვედა ზღვარის 125%-ით განსაზღვრა გაზრდის ნებისმიერი კომპანიის ხარჯებს, რაც შემდგომ აისახება მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე. მით უმეტეს რომ, ვროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული არცერთი ვალდებულება არ ითვალისწინებს ამგვარი ლიმიტის დაწესებას; ნორმირებული სამუშაო კვირა 48 საათიდან შემცირდა 40 საათამდე და ზეგანაკვეთურ 8 საათზე საათობრივი ანაზღაურების 25% დაემატება, რის გამოც კომპანიებს შესაძლოა მოუწიოთ შტატების ხელოვნურად დაყოფა; შედეგად კი მივიღოთ არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირება და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდა“, - ესა ამონარიდი განცხადებიდან.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აცხადებს, რომ ,,მხოლოდ შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელებით ჯერ არცერთ ქვეყანას არ დუძლევია ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები. შრომის ღირსეული პირობების და ანაზღაურების ერთადერთი მდგრადი საფუძველი კი მხოლოდ ძლიერი ეკონომიკაა“.

ვრცლად: https://bit.ly/32iBaBB ; https://bit.ly/3aOgrcN ; https://bit.ly/3hnpfZE  

5. მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონპროექტის სრული ვერსია და მისი შეფასება

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონ პროექტზე მუშაობა დაასრულა. ის მთლიანად არის განახლებული და ბევრი ცვლილება შევიდა. დაგეგმილია, რომ კანონპროექტს პარლამენტში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განიხილონ, ხოლო ძალაში პირველი იანვრიდან შევიდეს.

ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს სამეწარმეო ორგანიზაციის დაშლა პარტნიორის სარჩელის საფუძველზე შეეძლება. აღნიშნული რეგულაცია კი ემსახურება საზოგადოებაში შექმნილი ჩიხური სიტუაციის გადაწყვეტას.

იურიუდიული ფირმა GLCC-ის დამფუძნებელი პარტნიორის და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი გაფრინდაშვილის აზრით, ეს ძალიან საჭირო დოკუმენტია, თუმცა არსებობს ისეთი დეტალები, რომელსაც ბიზნეს სექტორი არ ეთანხმება და იმედია, საპარლამენტო განხილვების დროს შეიცვლება. „კანონში ბევრი არ არის ისეთი საკითხი, რომელსაც შეიძლება არსებული საწარმო ვერ მოერგოს, მაგრამ დაფუძნების ნაწილში გაჩნდა მოთხოვნა უცხოური საწარმოს ფილიალის შემთხვევაში. ანუ, თუკი უცხოური შპს ან სააქციო საზოგადოება აქ აფუძნებს ფილიალს, ასეთ შემთხვევაში კანონი მოითხოვს ფინანსურ და კონსოლიდირებულ ანგარიშებს და აუდიტის დასკვნას. ეს თავისთავად გაართულებს ახალი ფილიალის რეგისტრაციას, მაგრამ თუკი დავფიქრდებით, და გავაცნობიერებთ, რომ უკვე არსებულმა ფილიალებმა არსებული კონსოლიდირებული ანგარიშები უნდა წარადგინონ, ეს იქნება ძალიან რთული. ცოტა წარმოუდგენელია, როგორ უნდა წაიკითხოს ჩვენმა სამწარმეო რეესტრმა მაგალითად "დელოიტის" ფინანსური ანგარიშგება და აუდიტი“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

ვრცლად: https://bit.ly/2EjLFfV  
„საქართველოს კანონპროექტი მეწარმეთა შესახებ“ - სული ვერსია: https://bit.ly/31jMKNy  

6. როდის აღდგება რეგულარული ფრენები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამასთან, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია).’’ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩარტერული ფრენები შესრულდება კიევის, სტამბოლის, თელ-ავივის ასევე მინსკის მიმართულებით, თუმცა ეს რეისები იქნება მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად ისინი საქართველოში მგზავრებს არ ჩამოიყვანენ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დამატებითი მიმართულებით ავიამიმოსვლის აღდგენა დამოკიდებული იქნება პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

ამასთან, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ 29 აგვისტოდან Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ჩარტერული რეისები 26 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

ავიაციის თემას შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას უახლოეს მომავალში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს. საპასუხოდ, რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ფრენების შეჩერება რუსეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო და მათი აღდგენაც მოსკოვზე არის დამოკიდებული, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში.

ვრცლად: https://bit.ly/3hi4j6e ; https://bit.ly/31lBqRb ; https://bit.ly/31jMZIo ; https://bit.ly/34qKZju ; https://bit.ly/3guB7YJ  

7. ხაშურის შემოვლითი გზა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები

22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა ხაშურის შემოვლით გზა, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი 13 კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც მგზავრობის დროს 40%-50%-ით შეამცირებს.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა, რომლის ღირებულება 133 მლნ ლარია. პროექტში ასევე ჩართულია მსოფლიო ბანკი (WB), რომლის ფინანსური წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მთავრობის გათვლებით, 2021 წელს გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი, რაც ნიშნავს ქუთაისის შემოვლითი გზით სრულად სარგებლობას, 2021 წელს კი დაემატება კიდევ 15კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დაუერთდება ჯაპანა-ლანჩხუთის გზას. დამატებით, 34 კმ-იანი ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

ვრცლად: https://bit.ly/3hhZ3j0 ; https://bit.ly/32iBzE7 ;

8. მთავრობის დახმარება სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს და რთველის სააკორდინაციო შტაბის გახსნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კახეთს, რაჭას და ასევე სხვა რეგიონებში სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს, "დანერგე მომავლის" ფარგლებში, ნერგებით დაეხმარება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ეტაპობრივად ჩაანაცვლონ ხარისხიანი ჯიშებით როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები.

თელავში „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს უნდა გადაუხადოს არანაკლებ 0,80 ლარი. მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს: 1კგ. რქაწითელი - 0.30 ლარი; 1კგ. კახური მწვანე - 0.30 ლარი. ყურძნის გამარტივებულ შესყიდვას სახელმწიფო კომპანია,,აკურა’’ განახორციელებს, რომლისთვისაც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ვრცლად: https://bit.ly/2YrojMg ; https://bit.ly/32kx4ZA ; https://bit.ly/31lRbYn  

9. "თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური მიმოხილვა

"თიბისი კაპიტალმა" მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა. ხოლო ყველაზე მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა აპრილში დაფიქსირდა 16.6%.
მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს, რაშიც უდიდეს როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. რაც შეეხება ტურიზმი სფეროს, მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება. კვლევის ანგარიშის მიხედვით მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი შემცირება, ასევე შემცირდება წლიური ინფლაციის დონე.

"თიბისი კაპიტალის" ანგარიშის მიხედვით, ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით არის გაზდილი, ხოლო 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 34% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

ვრცლად: https://bit.ly/2YtqD5D ; https://bit.ly/2QkoRzf  

10. ,,მაკდონალდსის’’ ქსელი ფართოვდება

ბიზნესმენ თემურ ჭყონიამ განცხადებით, მაღლივ კორპუსთან „მაკდონალდსი“ აშენდება, ხოლო მის მეორე სართულზე სტუდენტებისთვის ტრენინგ-ცენტრი განთავსდება, სადაც მოწვეული ცნობილ ეკონომისტები ჩაატარებენ ლექციებს. ასევე „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა: აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 12 500 000 ლარს შეადგენს.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „მაკდონალდს საქართველოს“ ქსელის გაფართოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა გადის აღდგენის პროცესს, ხოლო ახალი რესტორნების გახსნა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასევე ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებას, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ მაკდონალდსის ქსელს.

ვრცლად: https://bit.ly/3hnV4Bo ; https://bit.ly/3aN9Yip