10.დეკემბერი .2019 21:39

ლარი აუცილებლად იპოვის წონასწორობის წერტილს - გიორგი კეპულაძე

views 576
უკან

მინისტრების ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი განცხადებებში, ვინაიდან მერე შეიძლება საკუთარ თავზე გაუფასურების დაბრალებაც მოუწიოთ, - ასე შეაფასა „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადება, რომლის მიხედვითაც ლარის გამყარება არის მთავრობის კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

გიორგი კეპულაძის თქმით, გაცვლით კურსს მოკლევადიანი რყევები ახასიათებს და „ეს ეკონომიკის მინისტრს ჩვენზე კარგად უნდა ესმოდეს“.

რაც შეეხება ლარის გამყარებას უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, კეპულაძის თქმით, ეს არის იმის ბრალი, რომ ლარი რეალურად ზედმეტად იყო გაუფასურებული. 

„მათ შორის არა მხოლოდ ამერიკულ დოლართან, არამედ ჩვენს სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთანაც, რაც არანაირ ეკონომიკურ ლოგიკაში არ ჯდებოდა და რაღაც დროის შემდეგ ის აუცილებლად დაუბრუნდებოდა საბაზრო ნიშნულს, ანუ ბაზარმა დაარეგულირა, შეიძლება ითქვას. ნელ-ნელა ლარი დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც უნდა იყოს და როგორიც არის მაკროეკონომიკური მონაცემები. გადმორიცხვები, ინვესტიციებიც გაიზარდა, გზავნილებიც გაიზარდა, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა გვაქვს. ანუ ვალუტის შემოსვლასა და გასვლას შორის თუ შევხედავთ, ბალანსი უფრო შემოსვლის მხარეს არის. პრობლემა არის ის, რომ ადამიანები უცხოურ ვალუტებს ძირითადად ინახავენ და არ ხარჯავენ, არ ახურდავებენ დოლარს. ახლა მაინც წინასაახალწლო პერიოდია, მოლოდინი იმის რომ წინასაახალწლოდ ლარი გამყარდებოდა, არსებობდა. შესაბამისად მოლოდინი არის რომ ხვალ, რაღაცის ფასი დაიკლებს, ყველა ყიდის დღეს დოლარს, რომლის ფასიც იკლებს ნელ-ნელა ლარში“, - განაცხადა კეპულაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზების გაკეთება ძალიან უჭირს, მაგრამ ლარი აუცილებლად იპოვის წონასწორობის წერტილს, და ეს შესაძლოა იყოს უფრო ქვევით, ვიდრე 2.90ია.

შეგახსენებთ, 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. ახალი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9089 ლარია. ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, ცვლილებამ 3.96 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც 1 ევროს ღირებულება 3.221 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა