მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (13.08 – 20.08)

6122b41612c4c
ეგნატე შამუგია
23.08.21 08:00
1033
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.122 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.110-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.39%-იანი გაუფასურებაა. წინა კვირას კი, ლარი დოლართან მიმართებით 0.61%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო აგვისტოს პირველ კვირას კი 0.32%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.64%-ითაა გაუფასურებული, რაც გასულ თვეს 1.44%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 5.19%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, უკრაინული გრივნა და სომხური დრამის შემდეგ, ყველაზე მაღალია.
 
აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტებიდან თურქული ლირა და სომხური დრამის გარდა, სხვა ვალუტები გაუფასურდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგია გაუფასურებული. კერძოდ, გასულ კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.77%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირსაც 0.33%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ბრიტანული ვალუტა 0.33%-ითაა გაუფასურებული. განსაკუთრებით კი, მიმდინარე თვეს, რადგან თვის დასაწყისიდან დღემდე გაუფასურების ნიშნული 1.92%-ია. გასულ კვირა მეორე ყველაზე მეტით გაუფასურებული ვალუტა რუბლია. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 0.85%-ით გაუფასურდა. მსგავსად სტერლინგისა, წინა კვირას რუბლიც 0.34%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, მცირედით, 0.13%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება გასულ კვირის გამყარებულ ვალუტებს - აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას 0.66%-ით სომხური დრამი გამყარდა, რაც წინა კვირას 0.27%-ით გაუფასურებული იყო. მიმდინარე თვეს კი სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.21%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან ამ დრომდე კი, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 6.04%-იანი გამყარებით გამოირჩევა. ამ პერიოდში თურქული ლირა ყველაზე მეტით, 14.18%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.33%-ით იყო გამყარებული. წინა კვირას კი, ყველაზე მეტით, 1.03%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 13.08 – 20.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სები ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით ინტერვენციის შემდეგ, სამი თვე სავალუტო ბაზარში ჩარევისგან თავს იკავებდა, რაც გასულ სავაჭრო კვირის ბოლო დღეს 30.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დაირღვა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 272.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 16.08 – 20.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ნაკლებით, 0.39%-ით გაუფასურდა, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შედარებით მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. გასულ კვირას ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართ 0.33%-ით იხრებოდა, რაც წინა ორ კვირასთან შედარებით არასტაბილურია. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ლარის მერყეობა 0.30%-ს შეადგენდა, რაც მეორე სავაჭრო კვირას 0.22% იყო. თუმცა, შეძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ლარის შერჩეულ ვალუტებიდან შედარებით სტაბილური იყო, რადგან ორჯერ უფრო მაღალი მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩეოდა. გასულ კვირას, 1.77%-იანი გაუფასურების ფონზე სტერლინგის მერყეობა 0.66% იყო. ამავე პერიოდში მაღალი მერყეობა ლირას და რუბლსაც ახასიათებდა. კერძოდ, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე, ყოველდღიური რუბლის გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.46%-ით იხრებოდა, რაც თურქული ლირის შემთხვევაში 0.43%-ს აღწევს.

გასულ კვირას გაცილებით სტაბილური ჩინური იუანი იყო. თუკი წინა კვირას იუანის მერყეობა 0.05% იყო, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.16%-ს შეადგენდა, რაც ყველა სხვა ვალუტის მერყეობის ნიშნულზე გაცილებით დაბალია. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შედარებით სტაბილური უკრაინული გრივნა და იაპონური იენი იყო. ეს უკანასკნელ არამხოლოდ გასულ, არამედ წინა კვირასაც სტაბილურობით გამოირჩეოდა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას იენის მერყეობა 0.09%-ს შეადგენდა, რაც გასულ კვირას 0.21% იყო. ამავე ნიშნულით მერყეობდა უკრაინული გრივნა, რომელიც გასულ კვირას მცირედით, 0.06%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 13.08/20.08 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ივნის-ივლისში ხუთი კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას კი ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.97%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მეოთხე კვირას კი, ლარის საშუალო შეწონილი კურსი დრამთან და რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.01% იყო. ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დრამთან 1.68%-ით იყო გაუფასურებული. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.14%-ით გამყარდა.

ივლისის ბოლო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან, ხოლო ყველაზე ნაკლებით სომხურ დრამთან იყო გაუფასურებული. ეს ტენდენცია კი ორი კვირს წინ შეიცვალა და ადრეული პერიოდის დინამიკას დაუბრუნდა. თუკი, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. ყველაზე მეტით თურქულ ლირა და სომხურ დრამთან მიმართებით. მაგრამ, წინა კვირა მდგომარეობა კვლავ შეიცვალა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას, გარდა ბრიტანული სტერლინგის, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეული ვალუტებიდან ნახევართან გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან მიმართებით. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას ლარი რუბლთან 1.39%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას რუბლთან მიმართებით ლარი 0.44%-ით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ლარი ბრიტანულ სტერლინგთან 0.05%-ით იყო გამყარებული, რაც გასულ კვირას უკვე 1.25%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით 5.02%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში რუბლთან მიმართებით კი - 4.48%-ით. აღნიშნული ორი ვალუტის შემდეგ, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი კურსი მაღალი ნიშნულით, 0.50%-ით ევროსთან მიმართებით გამყარდა. თავად ევრო კი აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით 0.17%-ით გაუფასურდა. თავად ლარი კი, წლის დასაწყისიდან დღემდე, ევროსთან მიმართებით 9.24%-ითაა გამყარებული, რაც თურქული ლირის (16.80%) და იაპონური იენის (10.37%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ უკანასკნელთან კი, ლარი გასულ კვირას ყველაზე მეტით, 0.65%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ტენდენციის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 1.51%-ით გამყარდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოს მეორე კვირას 0.70%-ით გაუფასურდა. თუმცა, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ, 0.30%-ით გამყარდა. აღნიშნული კი დიდწილად ლარის რუბლთან მასშტაბური გამყარების შედეგია, რადგან რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ეფექტური კურსი ფორმირებაში მაღალი წილი აქვს.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 118.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.22%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს, რადგან აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.37% იყო, ხოლო აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას მერყეობა 0.50%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.47%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.03% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.