მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (27.08 – 03.09)

6134a86c6841d
ეგნატე შამუგია
06.09.21 08:00
1068
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.116 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.118-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.08%-იანი გამყარებაა. წინა კვირას კი, ლარი დოლართან მიმართებით 0.12%-ით იყო გამყარებული, ხოლო აგვისტოს მესამე კვირას კი 0.61%-ით იყო გაუფასურებული. აგვისტოს თვეში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.22%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, ყველაზე მეტით, 5.38%-ითაა გამყარებული. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენცია მაისიდან დაიწყო, როცა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1.0 პ.პ. -ით გაამკაცრა და ყველაზე მეტით ივლისის მეორე ნახევარში გამყარდა.
 
აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტებიდან, გარდა სომხური დრამისა, ყველა გამყარდა, მაგრამ გამყარების მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე წინა კვირაში არსებულისა. გასულ კვირას სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 0.05%-ით გაუფასურდა, რაც აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას 0.66%-ს აღწევდა. ამდენად, სომხური ვალუტა რიგით მეორე სავაჭრო კვირაა უფასურდება. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, 5.37%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი და დრამის შემდეგ, ყველაზე მეტით, 5.12%-ით უკრაინული გრივნაა გამყარებული. აგვისტოში კი გრივნა 0.11%-ით გაუფასურდა. გასულ კვირას კი, ოდნავ, 0.03%-ით გამყარდა, რაც აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას 0.77%-ით იყო გაუფასურებული.

გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთი ეროვნული ვალუტა გამყარდა. აგვისტო - სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას რუსული რუბლი 0.88%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.65% იყო. აღნიშნულ პერიოდში კი, შერჩეული ვალუტებიდან, ყველაზე მეტით თურქული ლირა, 1.70%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.32%-ითაა გამყარებული. აგვისტოში თურქული ვალუტა 0.44%-ით გამყარდა, რაც სხვა ვალუტებთან შედარებით, გამყარების კუთხით საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ ამის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლირა ყველაზე მეტით, 11.88%-ით გაუფასურებული ვალუტა რჩება. წლიურ ჭრილში, ლირი შემდეგ მაღალი გაუფასურებით იაპონური იენი გამირჩევდა. პირველი იანვრიდან დღემდე იენის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 6.31%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას კი მხოლოდ 0.12%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 27.08 – 03.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სები ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით ინტერვენციის შემდეგ, სამი თვე სავალუტო ბაზარში ჩარევისგან თავს იკავებდა, რაც აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირის ბოლო დღეს 30.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დაირღვა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 272.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 30.08 – 03.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას ლარის ნომინალური ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართ 0.09%-ით იხრებოდა, რაც წინა ორ კვირასთან შედარებით სტაბილურობაზე მიუთითებს, რადგან აგვისტოს მესამე და მეოთხე კვირას ლარის კურსი მერყეობა 0.22% იყო. აგვისტო -სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარი არამხოლოდ წინა პერიოდთან, არამედ ამავე პერიოდში სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც სტაბილურობით გამოირჩევა. გასულ კვირას ლარზე შედარებით სტაბილური მხოლოდ ჩინური იუანი იყო. აგვისტო - სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას მსოფლიოს ნომერ პირველი სავაჭრო ქვეყნის ვალუტა, დოლართან მიმართებით 0.25%-ით გამყარდა, ხოლო ყოველდღიური ნომინალური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.07%-ით ირხეოდა. გარდა აღნიშნული ვალუტებისა, დაბალი მერყეობით იაპონური იენი და სომხური დრამიც გამოირჩეოდა. გასულ კვირას, 0.12%-იანი გამყარების ფონზე, იაპონური ვალუტა 0.11%-ით მერყეობდა, ხოლო ამავე პერიოდში სომხური დრამის მერყეობა ოდნავ მეტი, 0.12% იყო. არასტაბილურობის კუთხით კი, საქართველოს ორი უმსხვილესი - რუსეთი და თურქეთის ეროვნული ვალუტები გამოირჩეოდა. კერძოდ, აგვისტო - სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას თურქული ლირა 0.46%-ით მერყეობდა, რაც რუბლის შემთხვევაში 0.44%-იან ნიშნულს იკავებს.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 27.08/03.09 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ივლისის პირველ ნახევარში მკვეთრ გამყარების ტენდენციით გამოირჩეოდა, რაც ამავე თვის ბოლოს გაუფასურებისკენ შეიცვალა. თუმცა, აგვისტოს პირველი სამი კვირა საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი მყარდებოდა. მკვეთრი გამყარების ტენდენცია კი წინა კვირას შეიცვალა, როცა ლარის გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ასეთივე მდგომარებაა აგვისტო - სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირასაც. გასულ კვირას ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან მიმართებით. კერძოდ, გასულ კვირას ლარის შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, რუბლთან მიმართებით, 1.56%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.60% იყო. წლის მანძილზე კი ლარი რუბლთან მიმართებით 2.41%-ითაა გამყარებული. წინა კვირას ლარი ყველაზე მეტით, 1.67%-ით თურქულ ლირასთან მიმართი იყო გაუფასურებული, რაც გასულ კვირას 0.94%-ია. თუმცა, ზედიზედ ორი კვირის მანძილზე მკვეთრი გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 14.62%-ით სწორედ თურქულ ლირასთანაა გამყარებული.

გასულ კვირას ლარი საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი შერჩეული ათი ვალუტიდან ოთხთან მიმართ გამყარდა, მაგრამ გამყარების ნიშნული გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვალუტებთან გაუფასურების. გასულ კვირას ლარის ნომინალური კურსი ყველაზე მეტით ორი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის და აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. აგვისტო -სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას, ლარის გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 0.24%-ით გამყარდა, ხოლო თავად დრამი, დოლართან მიმართებით, 0.05%-ითაა გაუფასურებული. წინა კვირას ლარი დრამთან მიმართებით 0.45%-ით იყო გამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარი სომხურ ვალუტასთან მიმართებით მყარდება, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დრამთან მიმართებით 0.68%-ითაა გაუფასურებული (ამ პერიოდში ლარი მხოლოდ ორ ვალუტასთანაა გაუფასურებული. მეორე უკრაინული გრივნა (0.23%)). რაც შეეხება აზერბაიჯანულ ვალუტას - გასულ კვირას, ლარის გაცვლითი კურსი მანათთან 0.28%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას მცირედით, 0.03%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით, 4.96%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ტენდენციის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 0.70%-ით გაუფასურდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოს მესამე კვირას 0.30%-ით გაუფასურდა. თუმცა, ბოლო ორი კვირაა უფასურდება. კერძოდ, აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 0.47%-ით გაუფასურდა, რამაც გასულ კვირას 0.58%-ს მიაღწია.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 118.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.26%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.29% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.04%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 0.18% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.