01.თებერვალი .2022 17:44

ლარის გამყარების მთავარი მიზეზი რეფინანსირების მაღალი განაკვეთია - Galt&Taggart

ლარის გამყარების მთავარი მიზეზი რეფინანსირების მაღალი განაკვეთია - Galt&Taggart
views 2020
უკან

ლარის გამყარების მთავარი მიზეზი რეფინანსირების მაღალი განაკვეთია - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსის ფორმირებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი ცვლილება არ იყო იმ წონის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითადი მიზეზი ყოფილიყო.

სამაგიეროდ, მონეტარული პოლიტიკის გაზრდილმა განაკვეთმა გაზარდა სარგებელი ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე.

ლაშა ქავთარაძის განმარტებით, სარგებელი, დაახლოებით, 12%-ია და ეს მაშინ, როცა ვალუტაში შენახულ ფულს მინიმალური სარგებელი ერიცხება, სწორედ ამიტომაა, რომ მოქალაქეები არ ჩქარობენ მათ გადაკონვერტირებას და გამოყენებას. მისივე შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ლარის გაუფასურების მოლოდინი ნაკლებია.

“ლარის გამყარება შესამჩნევი იყო იმ პერიოდში, როცა რეგიონში რისკები იყო გაზრდილი, რაც ძირითადად უკავშირდება მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ლარი გამყარდა გასულ წელსაც და მიმდინარე წელსაც 2%-ით არის გამყარებული.

ფუნდამენტური ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმ წონის, რომ ეს იყოს ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი. გამოიკვეთა, რომ გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უბიძგებს, რომ დეპოზიტები განთავსებული იყოს ლარში და ვხედავთ, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი მცირდება - გასული წლის დეკემბერში 60%-მდე იყო ჩამოსული.

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია და ადამიანებს, რომლებსაც დანაზოგი აქვთ, ამ რისკების ფონზე არ ჩქარობენ, რომ გადაიყვანონ დოლარში ან ევროში”, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ მთავრობის მხრიდან ხარჯვა იყო შემცირებული და ხელისუფლება, ძირითადად, დეპოზიტების დაგროვებით იყო დაკავებული და არა ფულის ხარჯვით.

1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0451 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.78 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4282 ლარი გახდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა