მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის კურსი იმ ფარგლებში იქნება, რომელშიც დღეს არის“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე

6294cdf6819b4
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.22 18:16
5170
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის კურსი იმ ნიშნულის ფარგლებში შენარჩუნდება, რომელზეც დღეს არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განუცხადა, სადაც საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ამ მოლოდინებს ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების ტრენდით და იმ მაკროეკონომიკური ფაქტორებით ხსნის, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ვალუტის კურსის ცვლილება ყოველდღიურად, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების მიმართულებით იქნება. ამაზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ფუნდამენტი, რომელიც არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდეს და ამ ნიშნულის ფარგლებში იყოს. პირველი ფაქტორი, რაც ლარის კურსზე მოქმედებს, ბოლო 4 თვის განმავლობაში ტურიზმის პოზიტიური მაჩვენებლებია; მეორე - საქართველოში შემომავალი ფულადი გზავნილებია. უკრაინის ომისა და რუსეთიდან გზავნილების შემცირების მიუხედავად, მისი დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან მოხდა. ასევე იზრდება ექსპორტი და ეს იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ ლარი იმ ფარგლებში იქნება, რომელშიც დღეს არის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის: 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 11.44 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა.