მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის გაუფასურება ყველაზე მეტად გვირტყამს და გვანადგურებს - „ალფა პეტი“

608565fee97e4
ინგა მურუსიძე
25.04.21 16:30
1540
2020 წელს 2019 წელთან შედარებით, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის კონტეინერების მწარმოებელი საწარმოს „ალფა პეტის“ პროდუქციის რეალიზაცია 15%-ით გაიზარდა. როგორც bm.ge-ისთან კომპანიის დირექტორი მამუკა ჩალაძე აცხადებს, ამ შედეგს პარტნიორი კომპანიების რაოდენობის ზრდის ხარჯზე მიაღწიეს.

„ჩვენი პროდუქცია თითქმის ყველა კომპანიაშია წარმოდგენილი და ბაზრის მოთხოვნის 50%-ს ვაკმაყოფილებთ. ჩვენს კლიენტებს შორისაა: „კოკა-კოლა“, „პეპსი“, „ზედაზენი“, „არგო“, „ბორჯომი“, „სნო“ და ა.შ. თუ ბაზარზე 500 მლნ პლასტიკურ ბოთლზეა მოთხოვნა, 50% ჩვენს პროდუქციაზე მოდის“, - აღნიშნა მამუკა ჩალაძემ და დასძინა, რომ „ალფა პეტი“ სულ 60-მდე ადამიანს ასაქმებს და ამ დროისთვის, საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარია.

ამასთან, როგორც გავარკვიეთ, პანდემიის მიუხედავად წელს კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარი, რომელიც რძის, არაჟნის და სხვა რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) აწარმოებს.

„ახალი დანადგარი მონტაჟის პროცესშია, ჩვენ კი მომხმარებლის ძიებაში ვართ. ტარას წარმოება ხდება პოლიპროპილენის მასალით და იმაზე გაცილებით სქელია, ვიდრე ახლა ბაზარზე არსებული მაგალითად არაჟნის ჭიქა. ახალ პროდუქტზე უკვე გვაქვს შეკვეთები სომხეთიდან და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქართულ კომპანიებთან, მათ შორის „სოფლის ნობათთან“, - განაცხადა მამუკა ჩალაძემ და დასძინა, რომ ახალი პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს ევროპაში ყიდულობენ, კერძოდ, ნიდერლანდებში.

რაც შეეხება პროდუქციის ფასს, როგორც „ალფა პეტის“ დირექტორი განმარტავს, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებსა და რძის კონტეინერების ღირებულებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.

„როცა ნავთობი ძვირდება, შესაბამისად, „ალფა პეტის“ ნაწარმზეც ფასი იმატებს, ხოლო კლების შემთხვევაში - იკლებს. გარდა ამისა, კომუნალური გადასახადების გაზრდის გამო მოგვიწია პროდუქციაზე ფასის მომატება. გაზრდილია ლოგისტიკის ხარჯებიც - ჩინეთიდან გადაზიდვების ღირებულება გაოთხმაგდა და ეს ბუნებრივია, პროდუქციის საბოლოო ფასზეც ისახება. ლარის კურსის გაუაფასურება კი ყველაზე მეტად გვირტყამს და გვანადგურებს“, - ამბობს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა პეტი“ ხშირად სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოში“.