მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ქავთარაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოში მეტი გარანტიებია საჭირო

5df4df3ce845b
ნუცა ბაზლიძე
14.12.19 20:20
1646
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძის აზრით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას სტაბილური გარემო სჭირდება. ამის შესახებ ქავთარაძემ „საქმიან დილაში“ FDI–ს ბოლო სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 9 თვის ჯამური სტატისტიკის მიხედვით FDI-ს კლების მიუხედავად, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ლიდერი ენერგეტიკის სექტორია.

„9 თვის მონაცემებით, FDI-ის 16.8% ენერგეტიკის სექტორზე მოდის და ის პირველ ადგილზეა. იმისთვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოლიდურად გავზარდოთ, გვჭირდება ისეთი დიდი პროექტები, როგორიც BP იყო. ასევე საჭიროა, სტაბილური გარემო, მათ შორის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და მეტი გარანტიები, განსაკუთრებით ისეთ სექტორში, როგორიცაა ენერგეტიკა“, - აცხადებს ეკონომისტი.

რაც შეეხება FDI–ს სხვა მონაცემებს, ქავთარაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში რეინვესტირების მაჩვენებელი გაიზარდა.

„კომპანიები ესტონურ მოდელს იყენებენ და რეინვესტირებას ახდენენ. 2018 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, რეინვესტირება გაორმაგებულია, 9 თვის ჭრილში კი 5,5%-იანი ზრდა გვაქვს“, - აცხადებს ეკონომისტი.

ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემი 2019 წელს 2018 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდება და დაახლოებით, $1.2 მლრდ-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-მ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება.