Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის თქმით, საბანკო დაკრედიტების პორტფელი დასტაბილურდა. როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტა, ამ ზრდაში თანაბარი კონტრიბუცია შეიტანა, როგორც საცალო დაკრედიტებამ, ასევე ბიზნეს დაკრედიტებამ.
“საბანკო დაკრედიტების პორტფელი დასტაბილურდა 13.5-დან 15%-მდე ფარგლებში, გვაქვს ზრდის ტემპი. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით აგვისტოში 14,6%-ით გაიზარდა და ამ ზრდაში თანაბარი კონტრიბუცია შეიტანა, როგორც საცალო დაკრედიტებამ, ასევე ბიზნეს დაკრედიტებამ, აქამდე საცალო დაკრედიტება აღემატებოდა ბიზნეს დაკრედიტებას, ხოლო ახლა, ფაქტობრივად, გათანაბრდა. ბიზნეს დაკრედიტების ზრდის ტემპი დაჩქარდა, საცალო დაკრედიტების კი ქვემოთ მოდის, მოსალოდნელია ეს ტენდენცია გაგრძელდეს და მომდევნო წლებში კორპორატიული დაკრედიტების კონტრიბუცია უფრო მაღლა ვიხილოთ”, - დასძინა მან.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ დეპოზიტების ნაწილში ტემპი შენელებულია.
“რაც შეეხება დეპოზიტების ნაწილს, ზრდის ტემპი შენელებულია, თუმცა მაღალი ბაზიდან გამომდინარე ის თანხობრივად სოლიდურია, ამ ეტაპზე დეპოზიტები ოდინავ აღემატება სესხების პორტფელს, თუმცა, შესაძლოა გარკვეული კორექციები შევიდეს”, - თქვა მან.
ლაშა ქავთარაძე განმარტავს, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ამასთან, კარგი ტენდენციაა სესხების კუთხითაც.
“რაც შეეხება დეპოზიტების ნაწილს და დოლარიზაციის მაჩვენებლებს, გაუმჯობესება გვაქვს, დოლარიზაცია ჩამოსცდა 50%-ს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარიზაციის წილი ამ პორტფელში, უფრო დიდი არის, ვიდრე უცხოური ვალურის დეპოზიტები, ამასთან, სესხების კუთხით ეს კოეფიციენტი უახლოვდება 40%-ს, ეს წლიურად მცირედით გაუარესებულია ხოლო წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესებულია. ორივე მაჩვენებელში კარგი ტენდენცია გვაქვს", - თქვა ქავთარაძემ.