11.ნოემბერი .2019 19:15

„ლელო“ წყალტუბოში ივანიშვილის გეგმებზე: ძალიან საეჭვოა ეს, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ

views 367
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრის გიგლა მიქაუტაძის აზრით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და მთავრობის გეგმები წყალტუბოს განვითარების შესახებ არარეალისტურია. 

მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჯერ სხვა შესაძლო ინვესტორები უნდა მოეძია, რომელთაც წყალტუბოს კურორტთან დაკავშირებით ინტერესი აქვს და შემდეგ მიეცა ივანიშვილისთვის პროექტის განვითარების შესაძლებლობა.

„თავად „საპარტნიორო ფონდმა" დაადასტურა, რომ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი ამ სასტუმროებით დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა მთლიანად 22 სასტუმროსთვის ინვესტორის მოძიება, ამიტომ პროცესი სხვანაირად უნდა დაწყებულიყო - ჯერ უნდა შეგერჩიათ ის ინვესტორები, რომელთაც ჰქონდათ თუნდაც ცალკეული სასტუმროების მიმართ ინტერესი და შემდეგ, კი ბატონო, თუნდაც ივანიშვილის კაპიტალი რომ შესულიყო, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა.

დღეს პირიქით ხდება, ხუთი წელი არაფერი გაგიკეთებიათ, ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა ინვესტორების მოზიდვა და დღეს ამბობთ, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა, ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა განაცხადა, რომ 22-ვე სასტუმროს შეისყიდის, ბიზნესს ეუბნებით, მოდით და ივანიშვილთან ერთად შედით კონკურენციაში და აუქციონში, თუ რაღაც ფორმით მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესშიო.

ძალიან საეჭვო და არადამაჯერებელია ეს ყველაფერი, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში და თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხედავ იმას, რომ წყალტუბო ამ პირობებში რეალურად განვითარდება, თორემ წყალტუბო აუცილებლად განვითარდება და ის მართლა გახდება თანამედროვე ევროპული კურორტი“, - მიმართა მიქაუტაძემ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტის საჯარო განხილვას უძღვებოდნენ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

დღევანდელ საჯარო განხილვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათუა თურნავამ განაცხადა, ომ წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი, ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით ჯამში, 47.5 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა