მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილო მოლი: კარგი იქნება თუ სახელმწიფო ქონების და საშემოსავლო გადასახადისგან გაგვათავისუფლებს

5e8054d5a877b
ანი ციხისთავი
29.03.20 12:05
1955
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” დაიხურა. სავაჭრო ცენტრში 350 თანამშრომელი და 6500 მოიჯარეა დასაქმებული. სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვეში მოიჯარეებმა გადასახადის მხოლოდ 30% გადაიხადეს.

როგორც BM.GE-ს “ლილო მოლის” დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა, ხელმძღვანელობამ სხვა ხარჯების გათვალისიწინებით დასაქმებულების იჯარისგან სრულად გათავისუფლება ვერ შეძლო.

“ჩვენთან უზარმაზარი ქონებაა, რომელსაც დაცვა სჭირდება, გარდა ამისა, ჩვენი ვალდებულებაა სხვადასხვა გადასახადი გადავიხადოთ”,- აღნიშნავს გიორგი კვარაცხელია.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრისთვის დიდი შეღავათი იქნება თუ სახელმწიფო, ტურისტული ობიექტების მსგავსად, “ლილო მოლსაც” გადაუვადებს საშემოსავლო და ქონების გადასახადებს.

“ამის მოთხოვნას არ ვაპირებთ, ახლა სახელმწიფოსაც უჭირს, უბრალოდ კარგი იქნება თუ დაგვეხმარებიან, რადგან ამ ამბების შემდეგ ჩვენ რომ დავყოვნდეთ და დროულად ვერ გავხსნათ მაღაზიები, ეს დიდ ტვირთად დააწვება ქვეყანას.

ჩვენი 6500 მაღაზიიდან თითოში მინიმუმ 2 ადამიანია დასაქმებული, რომლებზეც ოჯახის წევრები არიან დამოკიდებული. შესაბამისად, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა ამ სავაჭრო ცენტრზე დამოკიდებული”,- აცხადებს “ლილო მოლის” დირექტორი.

გიორგი კვარაცხელიას თქმითვე, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიას 120 დაცვის თანამშრომელი იცავს. მისი განცხადებით, ამ თვეში 350-ვე თანამშრომელმა მიიღო ანაზღაურება. სავაჭრო ცენტრში ჯერჯერობით არ იციან როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თვეების განმავლობაში, შესაბამისად წინასწარ ვერ საუბრობენ გასცემენ თუ არა ხელფასებს და რა შეღავათი ექნებათ მოიჯარეებს.