ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლის საგადასახადო შესრულება 700 მილიონი ლარით იზრდება და ნაერთი ბიუჯეტის დონეზე ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. საგადასახადო შემოსავლების მატება დაკავშირებულია აზარტული თამაშების სექტორისთვის მოგების განაკვეთის ცვლილებასთან და საბანკო სექტორის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებთან.
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:
1) საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 885,3 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 6 334,5 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 550,8 მლნ ლარს. ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელი 180,0 მლნ ლარითაა გაზრდილი, რაც დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ახალი ინიციატივის ფარგლებში, სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანის განაკვეთის 5%-მდე ზრდასთან;
2) მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 583,0 მლნ ლარით, რაც ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 520,0 მლნ ლარით. გაზრდილი თანხიდან 300,0 მლნ ლარი წარმოადგენს საფინანსო სექტორის მიერ 2024 წელს დამატებით გადასახდელ თანხას (არსებული კანონმდებლობის ფარგლებში), ხოლო 220,0 მლნ ლარი სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთების ცვლილებით მისაღებ დამატებით შემოსავალს;
3) დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 121,4 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 7 388,3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 733,1 მლნ ლარს (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
4) აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 365,1 მლნ ლარის ოდენობით (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
5) იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 161,2 მლნ ლარით (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
6) ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 650,0 მლნ ლარს (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით);
7) სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 176,3 მლნ ლარით (უცვლელია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით).
რა იცვლება აზარტული თამაშების დაბეგვრაში:
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან დამატებითი განხილვების შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სათამაშო ბიზნესის ნაწილში არსებული საგადასახადო განაკვეთების ზრდაზე, კერძოდ:
1) Online თამაშებზე GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გატანილ თანხას შორის სხვაობა) გადასახადი 10%-ის ნაცვლად განისაზღვროს 15%-ის ოდენობით;
2) მოგებული თანხის გატანაზე გადასახადი 2%-ის ნაცვლად განისაზღვროს 5%-ის ოდენობით;
3) სათამაშო აპარატების ნაწილში, დაწესდეს GGR-ის გადასახადი ასევე 15%-ის ოდენობით, ხოლო თანხის გატანის გადასახადი 5%-ის ოდენობით;
“ზემოაღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში, 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება დამატებით 400,0 მლნ ლარით.
ჯამში საფინანსო სექტორის მოგების გადასახადის განახლებული მაჩვენებლის და სათამაშო ბიზნესის საგადასახადო განაკვეთების ზრდა 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ზრდის 700,0 მლნ ლარით”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტში.