მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროს შენახვა გაძვირდა, ამიტომ ფასების კორექტირება მოგვიწია - "არგე"

62cbfc61f1387
მარიამ იზორია
15.07.22 20:45
1201
თელავთან ახლოს მდებარე სასტუმრო და მარანი „არგე“ პარასკევსა და შაბათს სრულადაა დატვირთული, დანარჩენ დღეებში კი 70%-იანი დატვირთულობა აქვთ. როგორც „არგეს“ დამფუძნებელი ელენე პაპუნაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, დამსვენებლებს შორის ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ჩამოსული ტურისტები ჭარბობენ.

მისივე თქმით, აქტიურია ადგილობრივი დამსვენებელიც, რომელიც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ნაკლებად ხარჯვით უნარიანია.

ელენე პაპუნაშვილი იმასაც ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქტისა და გადასახადების გამო, სასტუმროში ფასები წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

„წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ივლისიდან ეს განსაკუთრებით იგრძნობა. სასტუმროში, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დამსვენებელი გვყავს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი. პარასკევს და შაბათს „არგე“ 100%-ით დატვირთულია, კვირის დანარჩენ დღეებში კი 50-70%-მდეა შევსებული. რაც შეეხება ფასებს, გაძვირდა კომუნალური გადასახადები და პროდუქტი, ზოგადად, სასტუმროს შენახვა გაძვირდა, შესაბამისად, ფასების კორექტირება მოგვიწია. გასულ ზაფხულთან შედარებით, ფასები 20%-ით გაიზარდა.

სექტორში კადრების დეფიციტია. ამ ეტაპზე ადგილობრივ ახალგაზრდებს ვასაქმებთ, თუმცა მათი მოძიება ძალიან გაგვიჭირდა, პრობლემაა კადრების რაოდენობა და კვალიფიკაცია“ - აღნიშნავს „არგეს“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: სასტუმრო და ღვინის მარანი „არგე“ კახეთში, ქალაქ თელავიდან სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ რუისპირში მდებარეობს. სასტუმროს კომპლექსი უცხოელ და ქართველ მომხმარებელს 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს. „არგე“ 33 ოთახს აერთიანებს, სადაც ჯამში 120 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.