მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ჰესების გენერაცია 5%-ით გაიზარდა - Galt & taggart

63eb91fbd0e3b
მარიამ ვარადაშვილი
14.02.23 18:22
601
Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიაზე არსებულ მოთხოვნის თითქმის 70% ჰიდროელექტროსადგურებმა დააკმაყოფილეს.

თბოსადგურების გენერაციით მოხმარების 21.5%, ხოლო იმპორტით მოხმარების 9.7% დაკმაყოფილდა. 2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მოხმარება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში 9.8%-ით, ხოლო მეორე ნახევარში შემცირდა 2.7%-ით. ორგანიზაციის შეფასებით, ეს უკანასკნელი უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას.

ორგანიზაციის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნა ძირითადად ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით დაკმაყოფილდა. ჰიდროგენერაციის 5%-იანი წლიური ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა).

2022 წელს ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობამ 15.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 10.8 ტვტ.სთ (ჯამურის 68.3%) ჰესების გამომუშავება იყო, 3.4 ტვტ.სთ (ჯამურის 21.5%) თბოსადგურების, 0.1 ტვტ.სთ (ჯამურის 0.6%) ქარის სადგურის, ხოლო 1.5 ტვტ.სთ (ჯამურის 9.7%) იყო ელექტროენერგიის იმპორტი.

თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 42.4%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 23.6%-ით შემცირდა. ეს გადასვლა ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე [რომელიც მუშაობს იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე] ძირითადად ფასთაშორის არსებული სხვაობით აიხსნება. ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7-7.8 აშშ ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 3.3 აშშ ცენტსა (მაგ. გარდაბანი 1) და 4.5 აშშ ცენტამდე (მაგ. მტკვრის ენერგია). საქართველომ მოახერხა თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით, რასაც ქვეყანა ტრანზიტის სანაცვლოდ იღებს. 

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. ამ ელექტროენერგიას რუსეთი საქართველოს „სპეციალურ“ ფასად (რომელიც კვტ.სთ-ზე 0.5 აშშ ცენტზე ნაკლებია). ეს სპეციალური ფასი მნიშვნელოვნად ამცირებს იმპორტის საშუალო შეწონილ ფასს - 2022 წლის იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტს შეადგენდა.

Galt & taggart-ის ცნობითვე, ელექტროენერგიის იმპორტის კომერციული ფასი ბევრად მაღალია: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი წლიურად 55.5%-ით გაიზარდა და საშუალოდ კვტ.სთ-ზე 7.5 აშშ ცენტი შეადგინა. სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 7.4 აშშ ცენტი შეადგინა, ხოლო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი კვტ.სთ-ზე შეადგენდა 7 აშშ. ცენტს ოქტომბერში (2021 წლის ოქტომბერთან შედარებით 42.3%- ით მეტი). მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში აფხაზეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა, ამიტომ ეს არის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წმინდა კომერციული ფასი.