მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში, თბილისში ბინების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 25%-ით შემცირდა - Colliers

60d048c501e1e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.21 21:00
1057
Colliers International-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Recov.ge-ზე თბილისის საცხოვრებელი ბინების გაყიდვების შესახებ მონაცემები განახლდა, რომლის მიხედვით დედაქალაქში 2021 წლის მაისში 2 161 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.


კვლევის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 29%-ით შემცირდა და მოცულობამ 101 მლნ დოლარი შეადგინა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გასულ წელს საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, აქედან გამომდინარე 2020 წლის მონაცემები რეპრეზენტატული არ არის.

2021 წლის მაისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 380 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით ნაკლებია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 17%-ით შემცირდა.

Recov.ge-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა, ძველი ბინების ბაზრის ღირებულება კი 10%-ით, 35 მლნ დოლარამდე შემცირდა.

„ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით შემცირდა; მედიუმ სეგმენტში, ტრანზაქციების რიცხვმა 61%-ით დაიკლო. შემცირება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2019 წლის მაისში მ2 იპოდრომის პროექტში მედიუმ სეგმენტის ტრანზაქციების დაახლოებით 40% დარეგისტრირდა. აღნიშნულის გარეშე, მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 2021 წლის მაისში 32%-ით შემცირდებოდა; პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 35%-იანი კლება განიცადა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები