27.ივლისი .2020 18:46

მამუკა ხაზარაძე: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება

views 311
უკან

დღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ მესტიაში 30-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.
როგორც bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს, “ლელოს” ლიდერებს მესტიაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა და მესტიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სვანეთის და ქვეყნის მტერი დღეს უმუშევრობაა, რომელსაც “ლელო” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამარცხებს.

“სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი,” - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, კანონი მაღალმთიანი სოფლების შესახებ, რომელიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, არ ვრცელდება სვანეთის სასტუმროებზე, რაც პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

“საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა. ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი. სწორედ აქ გადაიდგმება ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვხვდებით მესტიის მოსახლეობას და გვაქვს საინტერესო დიალოგი, ერთმანეთს ვუცვლით აზრს. საინტერესო შეთავაზებები გვაქვს, რომ სვანეთი განვითარდეს და სრულიად სხვა ცხოვრების სტილი შეიქმნას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სვანეთი იგრძნობს სარგებელს სახელმწიფოსგან და ამ ცვლილების მექანიზმს ჩვენ შევთავაზებთ,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა