პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი დღეს, 17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქციას აანონსებს. მამუკა ხაზარაძე სებ-ის საბჭოს წევრებს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სანქცირებულ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას შეეხება, განმარტებებს სთხოვს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება მიზანმიმართულად სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება. ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი, წლების განმავლობაში რუდუნებით, გამჭვირვალობით და საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული საქართველოს საბანკო სისტემა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ქალბატონმა თურნავამ და ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო, პრაქტიკულად FSB-ს ჯაშუშის გაპრავება და თავდაცვა გადაწყვიტეს, რომ ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ეწეოდა. იგი მოექცა საერთაშორისო და აშშ-ს სანქციებში და მან პასუხი საქართველოს კანონის წინაშე უნდა აგოს, რომლის შესახებაც ჩვენ არანაირი კონკრეტული განმარტება არ მოგვისმენია. ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად, რუსეთის დავალებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს ძალიან დიდი ზიანი და საფრთხეა იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები.
ვისურვებდი, მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ საქართველოს საბანკო სისტემას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუწესებენ, მაგრამ საშიშროება სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა.
მე და ჩვენი პარტია მოვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და გააკეთოს განმარტება - რა პირობებში მოხდა გადაწყვეტილების მიღება და რა ზემოქმედება მოახდინეს, როცა ორი დღის განმავლობაში ჯერ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს სანქციასთან შეერთებაზე და შემდეგ 24 საათში გაუქმებასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება - ასე არ ხდება და 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება.
დღეს 17 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა მკაცრი პროტესტი გამოვხატოთ იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით.
დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის. ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება. დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია ეროვნული ბანკი და ერთ-ერთ მთავარი ინდუსტრია, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები, ლარის სტაბილურობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა, და ის რაზეც დგას ჩვენი მომავალი თურნავას, ეროვნული ბანკის და ბიძინას გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.