26.სექტემბერი .2022 22:55

მარდი ჰოლდინგი: „ბათუმში ქირის ფასი გასამმაგებულია“

მარდი ჰოლდინგი: „ბათუმში ქირის ფასი გასამმაგებულია“
views 509
უკან

სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელის ნათია სირაბიძის ინფორმაციით, ბათუმში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით გასამმაგებულია.

„საქმიანი დილას“ ეთერში სირაბიძემ თქვა, რომ თუ 2021 წლის სექტემბერში ერთ ან ორ საძინებლიანი ბინის ღირებულება ქალაქის ცენტრში 200 დოლარი იყო, დღეს იგივე ბინა 600 დოლარს აჭარბებს.

მისივე ინფორმაციით, 500-600 დოლარიდან 900 დოლარამდე გაიზრდა კვ.მ გასაყიდი ბინის ფასიც, რაც ერთი მხრივ გაზრდილ მოთხოვნას, მეორე მხრივ კი გაძვირებულ სამშენებლო მასალასთან იყო კავშირში.

„სექტემბერში, როგორც წესი ქირავნობაზე ფასები იკლებდა ხოლმე, მაგრამ წელს იმ ნიშნულზე შენარჩუნდა, რაც რაც აგვისტოში იყო. ბათუმში შარშანდელთან შედარებით გასაქირავებელ ბინებზე ფასები სამჯერ გაიზარდა.  „მარდი ჰოლდინგს“ აქვს „მარდი ჰოსფითალითი“, რომელიც მართვაში ჩვენს კომპლექსებში აშენებული ბინების გაქირავებას იღებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ შარშან შემოდგომაზე ქალაქის ცენტრში, არა პირველ ზოლში, არამედ მეორე ზოლში ერთ ან ორ საძინებლიანი ბინის ქირაობა 200$ იყო, წელს უკვე 600-700$ ღირს. რუსეთის მოქალაქეების გარდა შემოდგომაზე სწავლა ეწყებათ ჩამოსულ სტუდენტებს მაგალითად ინდოეთიდანაც, რომელთა რიცხვიც მაღალია.

გასაყიდი ფასიც მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, კვ.მ ფასი გასულ წელს მეორე ზოლში თუ ღირდა 500-600$, წელს გაიზარდა 900$-მდე, რაც საკმაოდ დიდი ნამატია. ფასის ზრდა გამოიწვია ერთი მხრივ მოთხოვნამ და მეორე მხრივ სამშენებლო მასალის გაძვირებამ,“ - განაცხადა სირაბიძემ.