მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარეგულირებელმა "თურმანიძის მალამოს" წარმოება გააჩერა - რას გეგმავს „თურმანიძე პლიუსი"?

62ea7aa2d8b98
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.22 18:15
4637
საქართველოში რეგისტრირებულ 32 ფარმაცევტულ საწარმოს GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქმიანობა შეეზღუდა. საწარმოთა ჩამონათვალში ქართული წარმოების სამკურნალო მალამოების მწარმოებელი კომპანია „თურმანიძე პლიუსიც“ მოხვდა.

კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან შემოვიდა და დღემდე ხუთი სახეობის მალამოსა და ანტისეპტიკურ-სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებდა. რატომ ვერ შეძლო კომპანიამ GMP სტანდარტის დაკმაყოფილება და რას გეგმავენ წარმოების ხელმძღვანელები - ამ კითხვებით BM.GE-მ კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი თურმანიძეს მიმართა.

წარმოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიაში მიესალმებიან GMP სტანდარტის დანერგვას, თუმცა მათ წარმოებას ახალ სტანდარტებზე გადასვლისა და მორგების ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. მათი თქმით, საწარმოს წლიური წარმადობა 40-50 ათასი ცალი მალამო იყო.

„ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. 30 ივნისისთვის კომპანიას წარმოების უფლება შეუჩერდა და წარმოება გავაჩერეთ. საჭიროა ₾1-2 მლნ, რათა გააკეთო ისეთი საწარმო, რომელიც ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე რამდენად სწორი იყო ყველა წარმოებისადმი ერთნაირი მიდგომა, არ გვესმის. დღეს არსებული მარაგები ამ ზაფხულს გვეყოფა და შემდეგ არ ვიცით, რას ვიზამთ. საინტერესოა, თუ ფიქრობენ ჯანდაცვის სამინისტროში შეღავათებზე ან სახელმწიფო რომ დახმარებოდა ადგილობრივ მწარმოებლებს ერთი საწარმოს გაკეთებაში, რათა მათ, ვისაც არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იქ გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქტი, რამეთუ კონკრეტულად „თურმანიძე პლიუსის" მალამოებზე მოთხოვნა დღესაც დიდია“, - განაცხადა გიორგი თურმანიძემ.

მისი ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერსაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. კონკრეტულად „თურმანიძე +“-ს, რომელიც ადგილობრივი ბრენდის პროდუქტის მწარმოებელია, არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია. კომპანიის დირექტორის მოადგილე სამკურნალო მალამოების რეალიზების შესაძლო გამოწვევებზეც საუბრობს.

„სერიოზულ დისკომფორტში ვართ. გვქონდა შეხვედრა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, წერილიც მივწერეთ, თუმცა კონკრეტული პასუხები არ გვქონდა, გადაგვიწევდნენ თუ არა ვადას წლის ბოლომდე. მათთან კომუნიკაცია ძალიან ძნელია. მექნება მარტივი შეკითხვა - იმისთვის, რომ სრულად არ დავიკეტოთ, მექნება თუ არა განსხვავებული ფორმით წარმოების გაგრძელების შესაძლებლობა, რადგან სულ 10 კაცს ვასაქმებთ და მათი გაშვება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი თურმანიძემ და დასძინა, რომ მისი საწარმო ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებდა.