მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის წარმოება რუსეთის ბაზარზეა ჩამოკიდებული - ფერმერები

64a90383f0626
მარიამ იზორია
08.07.23 11:14
760
მცირე მოსავლის გამო წელს ადგილობრივ ბაზარზე ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პროცესში ფერმერები შეფერხებებს არ ელოდებიან. მეტიც, მათი ვარაუდით, მოსალოდნელია პროდუქტის დეფიციტიც.

რაც შეეხება ექსპორტს, შეგახსენებთ, რომ ქართული ატმისა და ვაშლატამას 90% რუსეთში იყიდება, შესაბამისად, გასულ წელს ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ რუსეთის ბაზარს უკავშირდებოდა. მწარმოებლები და ექსპორტიორები ჩიოდნენ, რომ პროდუქტი გაუყიდავი რჩებოდათ, უფრო კონკრეტულად, ვარაუდობდნენ, რომ ომის ფონზე რუსეთს პროდუქციის დეფიციტი შეექმნებოდა, თუმცა ჩინეთმა, უზბეკეთმა, ირანმა და თურქეთმა ქვეყანას დიდი რაოდენობით ატამი და ვაშლატამა მიაწოდა. ომის გამო, რუსეთში მსყიდველუნარიანობაც შემცირდა, ქართველი ექსპორტიორები კი ორი პრობლემის - პროდუქტის გასაღებისა და დაბალი ფასის წინაშე დადგნენ. საბოლოოდ, დაბალი ფასის მიუხედავად, ქართველმა ექსპორტიორებმა და ფერმერებმა მოსავალი მაინც რუსეთში გაყიდეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ.

როგორ უნდა გაჩნდეს სხვა გზა და რატომ ვერ ნაცვლდება რუსეთის ბაზარი? - ამ თემაზე Bm.ge ფერმერებს ესაუბრა.

მაგალითად, ფერმერი ნიკა გეთიაშვილი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი როგორც ფასის, ასევე სხვა მიზეზების გამო სასურველი და მიმზიდველია, თუმცა ამ მიმართულებების ასათვისებლად, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. მოსამზადებელი პერიოდი, პროდუქტის ანალიზი, გაზრდილი ხარჯები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რატომაც ექსპორტიორი ახალი, უფრო სასურველი ბაზრის მოძიებას არ ცდილობს.

“გალფის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ევროკავშირში რომ შევიდეს პროდუქცია, მოსამზადებელი პერიოდი, ანალიზებია საჭირო. ეს დამატებით ხარჯს და ცოდნას მოითხოვს, ამას ყველა გაურბის, როგორც ექსპორტიორი, ასევე ფერმერი.

მაგალითად, ექსპორტიორებს რუსეთში წარმომადგენლები ჰყავთ და რეალიზაცია მარტივად ხდება. სხვა ქვეყნების ბაზრებზე კი გარკვეული არ არიან. მომგებიანობაზე წარმოდგენა არ აქვთ.

მე ვფლობ ინფორმაციას გალფის ქვეყნებზე და გამოცდილებაც მქონია. ისინი საკმაოდ მაღალი ფასის გადამხდელები არიან. ვფიქრობ, ამ ყველაფერს უნდა მივუდგეთ მარკეტინგულად, ეს არის ძნელი, ამიტომაც შედეგად რუსეთის ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული”, - ამბობს მწარმოებელი.

ევროკავშირის ბაზარზე გასვლას რომ შესაბამისი მომზადება და მუშაობა სჭირდება - ამ მოსაზრებას ეთანხმება ფერმერი გიორგი ქიტესაშვილიც. მწარმოებელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შედარებით უფრო “მკაცრი” ბაზარია.

“ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის კუთხით რუსეთი ლიდერია. ევროკავშირში ჩვენი პროდუქცია რთული გასატანია, ამას უნდა დაგეგმვა და ყველაფრის ნულიდან დაწყება. ევროპას უფრო მკაცრი ბაზარი აქვს, სტანდარტების დაცვა და ლაბორატორიული შემოწმებაა საჭირო. ჩვენი პროდუქტი რუსეთშიც გადის შემოწმებას, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს”, - აღნიშნავს ფერმერი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანამ ჯამში 27 429 ტონა ატამი და ვაშლატამა გაყიდა, მიღებულმა საექსპორტო შემოსავალმა კი 30 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. როგორც უკვე გითხარით, ექსპორტის ძირითადი წილი რუსეთზე მოდის, უფრო კონკრეტულად, ქვეყნიდან გასულ წელს რუსეთში 28 მილიონ 896 ათასი დოლარის, 24 859 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა.

საინტერესოა იმპორტის მონაცემებიც, მიმდინარე წელს საქართველომ თითქმის 60 ათასი დოლარის ღირებულების 206 ტონა ატამი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 199%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წელს საქართველოში ატმის იმპორტი 2 ქვეყნიდან განახორციელა. თუმცა ნომერ პირველი და უპირობო ლიდერი თურქეთია. თურქეთზე მოდის საქართველოში იმპორტირებული ატმის თითქმის 100%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები