მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში უცხოელებმა ქართულ ბანკებში რეკორდული - 1.7 მილიარდის დეპოზიტები შეიტანეს

6267c5bb632ae
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.22 14:11
6703
მარტის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში რეკორდული მოცულობის - 1.7 მილიარდი ლარის დეპოზიტები განათავსეს. 2022 წლის თებერვალთან შედარებით, დეპოზიტების ეს რაოდენობა 500 მილიონი ლარით მეტი იყო.

საქართველოს ბანკებში უცხოეთის მოქალაქეების დეპოზიტების ნაკადები (ყოველთვიურად გაკეთებული შენატანები) ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალოდ 1-1.2 მილიარდი ლარი იყო.

კატეგორიების მიხედვით, 1.7 მილიარდი ლარის სადეპოზიტო ნაკადები ასე ნაწილდება:

● სხვა დეპოზიტები, მოთხოვნამდე - 1.1 მილიარდი ლარი.
● ვადიანი დეპოზიტები - 245.7 მილიონი ლარი;
● მიმდინარე ანგარიშები - 382 მილიონი ლარი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკაში არაა წარმოდგენილი, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა გააკეთეს ეს შენატანები.

შედარებით დაბალი იყო უცხოელების საკუთრებაში არსებული მთლიანი დეპოზიტების ნაშთის ზრდა მარტის განმავლობაში. 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში 4.14 მილიარდი ლარის დეპოზიტები ეკუთვნოდათ. წინა თვესთან შედარებით ეს თანხა 60 მილიონით მეტია.

ნაშთის ზრდასთან შედარებით ნაკადის ზრდა, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იყო, რადგან შეტანილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი თვის განმავლობაშივე განაღდდა.