მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ „მაგთიკომის“ ღია წერილს ეხმიანება

60c9fff2abf4d
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 17:55
637
კომპანია „მაგთიკომმა“ 15 ივნისს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის ქმედებებზე „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებებია ასახული.

აღნიშნულ წერილთან მიმართებით, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ დღეს ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ ღია წერილს, რომლითაც „მაგთიკომმა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია რბილად, რომ ვთქვათ „უზუსტობებთან“ დაკავშირებით. ჩვენი მოსაზრებით, ამავე კომპანიის განცხადებებით, ბოლო დღეებში არასწორი და არასრული ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი არსებულ რეალობებთან დაკავშირებით შეცდომაში შეჰყავს.

დიდად სამწუხაროა, რომ „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული წერილის ავტორი „დარგში მოღვაწე კომპანიები“ სახელით საუბრობს, თუმცა მათ რიგებს ნამდვილად არ მიეკუთვნება მიკრო, მცირე და საშუალო ტელეკომბიზნესი, რომელთა რაოდენობა, საბედნიეროდ, 150–ს აღწევს. როგორც ჩანს, ავტორი მცირე და საშუალო ბიზნესს „დარგში მოღვაწე კომპანიებად“ არ მიგვიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, მარეგულირებელი კომისია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიმართ ზომიერი და ნაკლებად მკაცრია, ის დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, შესაბამისად, ეს ბაზარზე და კონკურენციაზეც აისახება.

ჩვენი მხრიდან სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არაერთი მოთხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, კომისიამ მხოლოდ რადიკალური ცვლილებები კონკურნეციის რეგულირების კუთხით 2017–2018 წლებიდან დაიწყო და ამ მიმართულებით რამდენიმე ბაზრის სეგმენტი უდავოდ გამოსაყოფია, რომლის ლიბერალიზაციით თავად „მაგთიკომმაც“ ისარგებლა:

– 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება N671/9, რომლითაც საბითუმო მომსახურების ტარიფები რამდენჯერმე შემცირდა და ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე, რომ ავხსნათ რეგიონებში და რეგიონებიდან ინტერნეტ ტრაფიკის ტრანსპორტირება მკაცრად რეგულირებული გახდა და მათ შორის ზედა ზღვრული ტარიფი დადგინდა;

– 2018 წლის 6 დეკემბრის N672/9 გადაწყვეტილებით, ტელეკომკანალიზაციაში გატარების უფლების გაიაფებისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინდათ;

– 2019 წლის 14 მაისის N19-9/285 გადაწყვეტილებით ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები დაახლოებით 4-ჯერ შემცირდა (32 ლარიდან 9 ლარამდე) და მიკრო, მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების საცალო მომსახურების ფასი დიდწილად ამ მომსახურებაზეა დამოკიდებული.

– 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვებას და ახალი ვირტუალური მობილური ოპერატორების ამოქმედებას შეეხება.

აქაც და არაერთ სატელევიზიო ეთერშიც, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ასოციაციის აზრი იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების და მათ შორის პირველ რიგში „მაგთიკომის“ გაღიზიანება უკანონო და უსაფუძვლოა, თუმცა გასაგები, რადგან კომუნიკაციების კომისიის რეგულაციით იმ სავარაუდო რისკების წინასწარი რეგულირება და შეზღუდვა ხდება, რომელიც ჩვენ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს გვაზღვევს დავრჩეთ და განვვითარდეთ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებელს მაღალხარისხიანი ალტერნატიული მომსახურება მივაწოდოთ.

გავრცელებულ განცხადებაში წერილის ავტორი გაურკვეველია „დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტის“ ქვეშ ვის მოიაზრებს ან რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ „დარგი ნადგურდება“? ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ კონკურენციის ხელშეწყობა დარგის განადგურებას ნიშნავს; სრულიად გაურკვეველია რას ნიშნავს ასევე პასაჟი „კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულვებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა“ – იმ დროს, როდესაც თვითეული კომპანია, მისი ზომის მიუხედავად ვალდებულია მისი ქსელის კიბერმდგრადობა და დაცულობა დაიცვას. ამ შემთხვევაში რა შუაშია კომისია, ან თავად კომპანია მისი ქსელის კიბერდაცულობაზე არ ზრუნავს?

ჩვენთვის საინვესტიციო გარემოს გაუარესებად შემდეგი მოცემულობები მიიჩნევა:

– არ ვნერგავთ და ხელს ვუშლით MVNO-ს – ვაფრთხობთ ინვესტორს!

– რეალურ ხარჯებზე დამოკიდებულზე დაბალ ტარიფებს შერჩეული რეგიონების მიხედვით, ანუ ვადგენთ დემპინგური ფასებს ვადგენთ – ვამცირებთ ინვესტირების ინტერესს და „ვაფუჭებთ“ ბაზარს (თბილისთან შედარებით რეგიონებში სერვისების ფასი თითქმის ორ–სამჯერ დაბალია– თუმცა რა ლოგიკით გაურკვეველია)!

– ზომიერი რეგულირების არარსებობა და კონკურენციის პრობლემები – ნიშნავს არაპროგნოზირებად და უკონტროლო, ნაკლებად საინტერესეო ბაზარს ინვესტორისთვის.

აქვე გვინდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, კომისიის მხრიდან არ ხდება რეაგირება ჩვენი მოსაზრებით ე.წ. „დემპინგურ ანუ თვითღირებულებაზე იაფად შეთავაზებულ ტარიფებზე, რომლთაც ე.წ. დიდი კომპანიები რეგიონებში საქმიანობენ და ეს საცალო ბაზრის შეთავაზება თბილისთან შედარებით თითქმის ორჯერ ან სამჯერ იაფია, ხდება სხვადასხვა სერვისების ერთ კალათში „ჩაყრა“ და შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეთავაზება. დემპინგური ფასები ანგრევს ბაზარს და მოკლევადიან პერსპექტივაში მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უშლის. ჩვენი მოსაზრებით ეს მოცემულობა აშკარაა და კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას წარმოადგენს. ჩვენი პრეტენზია კომისიის მიმართ ასევე საბითუმო ბაზარზე ძალიან დაგვიანებულ რეგულაციებს შეეხება, იმ დროს როდესაც ეს რეგულაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნების ბაზრებზე დიდი ხნის წინ დაინერგა და მუშაობს. აქვე აღსანიშნავია თუნდაც ვირტუალურ ოპერატორების დაშვებაზე მობილურ ქსელში და ასევე ე.წ. high Bit-stream access და ა.შ. სერვისები, რომლის დანერგვას ძალიან ვაგვიანებთ.

მარეგულირებელი კომისია არ ახდენს კონკურენციის რეგულირებას ჩვენ მიერ მოთხოვნილ საცალო სეგმენტებზე, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას, ვიყოთ სუბიექტური და არსებული მდგომარეობა მხოლოდ ცალმხრივად შევაფასოთ და არასწორი ინფორმაცია გავავრცელოთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგად გვესმის რა ის როლი, რომელიც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალააუფლების მქონე კომპანიებს ქვეყანაში ინოვაციების და მიწინავე სატელეკომუნიკაციო სიახლეების დანერგვის კუთხით აკისრია, თუმცა ასევე გასაგებია მათი შესაძლებლობა შეავიწროვონ კონკურენტები. ჩვენთვის უდავოა, რომ კომუნიკაციების კომისიის ზემოთ ხსენებულმა რეგულაციებმა ჩვენს ბაზარზე 150–მდე კომპანიის გადარჩენა განაპირობა, რადგან ე.წ. საერთაშორისო ინტერნეტის რამდენჯერმე შემცირებული ფასი და ხარჯებზე ორინტირებული ე.წ. გზის უფლება, ჩვენი ქვეყნის მომხმარებელისთვის კონკურენტული სერვისის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. არსებულმა რეგულაციებმა „დიდი“ ოპერატროების შეზღუდვის ხარჯზე არსებული და კონკურნეციის მდგომარეობა კარდინალურად შეცვალა. ჩვენ ვერაფერს გეტყვით „მაგთიკომის“ ოპტიკური ქსელის განვითარებაზე, თუმცა მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები რადიო ქსელს ოპტიკური ქსელით აქტიურად ანაცვლებენ, ქმნიან მაღლახარისხიან და კონკურენტულ მომსახურებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს არსებული „დიდ“ და მცირე და საშუალო ბიზნესს შორის აბონენტების წილობრივი დისბალანსი 1/10–ზე უახლოეს თვეებში არსებითად შეიცვლება.

ჩვენი მოკრძალებული აზრით, ბოლო წლებში დარეგულირებული საკვანძო ბაზრის სეგმენტები და დადგენილი დაშვების პირობები და ზღვრული ტარიფები წყალგამყოფი გახდა, რამაც „დარეგულირებული“ ოპერატორების „ორგანიზებული დემარში“ გამოიწვია. ეს „დამოკიდებულება“ ასევე კარგად გამოჩნდა მარეგულირებელი კომისიის წევრების შესარჩევად პარლამენტში გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზეც, სადაც კომისიის თანამშრომლებზე პირადი „თავდასხმებიც“ მოხდა. აღნიშნული დამოკიდებულებებს და ზოგად სულისკვეთებას ნათლად გვიჩვენებს.

მიგვაჩნია, რომ დარგი უდავოდ სწორად და მდგრადად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი და ბევრი სხვა ინციატივა უახლოეს პერიოდში კონკურენციის პრობლემებს მოაგვარებს და საცალო ბაზარს არსებითად შეცვლის. პროცესები, სამწუხაროდ, დაგვიანებით და ნელ ტემპებში მიმდიანეობს, თუმცა დღეს არსებული მოცემულობები და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფების მქონე კომპანიის წარმოდგენილი პოზიცია აშკარად მიუთითებს, რომ კონკურენციის რეგულირება სწორად და „საკვანძო და მტკივნეულ წერტილებში“ ხდება“, - ნათქვამია ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.