მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები გზების დეპარტამენტის ნებართვის გარეშე მიმდინარეობს – აუდიტი

5ef87fc0e6e93
დავით ჯალაღონია
28.06.20 15:55
937
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან ერთად განახორციელა პარალელური აუდიტი - წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (პრევენცია, მზადყოფნა).

აუდიტის სამსახური მოძიებული ინფორმაციის შედეგად წერს, რომ საქართველოში დანერგილი არ არის ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას და შესაძლოა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვიოს.

„2019 წლიდან არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი (დამტკიცებულია მხოლოდ 2015-2018 წლების დოკუმენტი).

2017 წელს ქვეყანაში პირველად დამტკიცდა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“. სტრატეგიის დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალიზაციას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კერძოდ, რისკის შემცირების სტრატეგიით არ არის გათვალისწინებული წყალდიდობის პრევენციისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სამოქმედო გეგმა არასრულყოფილია, ხოლო გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია (16%) შესრულებული. გეგმით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავადებული და შეუსრულებელია.

რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი 2019 წელს არ განხორციელებულა.

არ არის დანერგილი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას და შესაძლოა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვიოს.

საგანგებო სიტუაციების დაფინანსების სისტემა არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტის შინაარსს. წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნისთვის გამოყოფილი სახსრები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული. ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი განმახორციელებელი უწყებების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის ბუნებრივი კატასტროფის მოხდენის ალბათობას.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს“, – წერს აუდიტის სამსახური.