მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეფუტკრეების ინსპექტირება უნდა დაიწყოს”- ასოციაცია

642ecea483529
ანუკა ჯოხაძე
06.04.23 20:00
746
ადგილობრივ ბაზარზე თაფლის დეფიციტის გამო საქართველოდან თაფლის ექსპორტი შეჩერდა. მაისამდე საქართველოდან ევროპაში თაფლი ვერ გაიგზავნება. თაფლის მწარმოებლები იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობენ, რაც თაფლის მოცულობების გაზრდას აფერხებს.

როგორც „თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა აცხადებს, იმისთვის, რომ თაფლის ექსპორტის უწყვეტობა შევინარჩუნოთ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა დაიწყოს თაფლის მწარმოებლების რეგისტრაცია, იმისთვის, რომ გაირკვეს ქვეყანაში რა რაოდენობის ფუტკრის ოჯახია და რა მოცულობის თაფლი იწარმოება. ამასთან, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მწარმოებლების პერიოდული ინსპექტირება და შემოწმება, რომ ის ხარისხი, რასაც ევროპის ბაზარი ითხოვს იყოს დაცული.

“ევროკავშირი არანაირ კვოტას არ გვიყენებს. ჩვენ რომ გვქონდეს 5000 ტონა თაფლი შესაბამისი ხარისხის გავიტანთ. უბრალოდ ახლა შეიქმნა ისეთი პირობები რომ ამოიწურა თაფლი. არის დეფიციტში, შესაბამისად, ველოდებით ახალი პარტიების დაწურვას. ექსპორტში წყვეტა კარგი არ არის.

ჩვენ არ ვიცით, რამდენი მეფუტკრე გვყავს და რამდენი ფუტკრის ოჯახი გვყავს. პირველ რიგში უნდა მოხდეს მეფუტკრეების რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ რეგისტრაცია რეგისტრაციისათვის საკმარი არ არის. უნდა დაიწყოს ინსპექტირება, უნდა მოხდეს 2 გეგმიური და 1 არაგეგმიური შემოწმება საფუტკრეების. თუ რამე დარღვევა არის ინსპექტორმა უნდა მისცეს რჩევა მეფუტკრეს და მეფუტკრეს მიეცემა დრო რომ ის გამოასწოროს,”-აცხადებს "საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო პაპავა.

ცნობისთვის, საქართველომ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2022 წელს თაფლის ექსპორტი რეკორდული იყო, როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან გასული წლის განმავლობაში 1 მილიონ 175 ათასი დოლარის ღირებულების 258 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78.8%-ით, ხოლო მოცულობა 49.3%-ით მეტი იყო.

აღსანიშნია, რომ თაფლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასული წლის მიხედვით ევროკავშირი იყო. 2022 წელს თაფლის ექსპორტის 75.5% სწორედ ევროპული ქვეყნების მიმართულებით განხორციელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ EU-ს ქვეყნებში თაფლის რეალიზება გასულ წელს 75.3%-ით გაიზარდა.