30.სექტემბერი .2022 14:03

მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მშპ-ის 4.2%-მდე შემცირდა

მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მშპ-ის 4.2%-მდე შემცირდა
views 350
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასახდელო ბალანსის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.2%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 10.6% იყო, შესაბამისად, წელს გაზრდილმა სავალუტო შემოდინებებმა - მომატებულმა ექსპორტმა, ტურიზმმა და გზავნილებმა საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება გამოიწვია.

“2022 წლის მეორე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 252.1 მლნ აშშ დოლარი (755.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2022 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 49.0 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -10.6 პროცენტიდან -4.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 28.1 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 31.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30.1 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა გასული წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, განაგრძობდა ზრდას და 2022 წლის მეორე კვარტალში 748.8 მლნ აშშ დოლარს (2.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 85.3 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -357.1 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 35.3 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 18.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 34.4 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მეორე კვარტალში 763.8 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 34.2 პროცენტით გაიზარდა 707.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.1 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.4 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 284.3 მლნ აშშ დოლარი (851.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.7 პროცენტია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა