მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს 5.4%-ზე პროგნოზირებს

642ae23935d43
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.23 10:00
496
სტატიაში საუბარია:
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა მიმდინარე ანგარიშის ბალანსთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავინდებურად დეფიციტური იქნება, ამასთან დეფიციტის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და 5.4%-ს მიაღწევს.

“მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2022 წელს მიმდინარე ანგარიში დეფიციტი რეკორდულად შემცირდა და მშპ-ის 4.1% შეადგინა (10.4% იყო 2021 წელს). მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების (რაც განაპირობა ტურიზმის შემოსავლების სწრაფმა აღდგენამ, რომელმაც 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს და 7.7%-ით აღემატებოდა 2019 წლის დონეს) და ტრასფერტების ბალანსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, ის წლიურად 35.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 35.8%-ით, ხოლო იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2022 წელს მომსახურების და ტრანსფერტების დადებითი ბალანსი 1.1-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქონლით სავაჭრო ბალანსი, ხოლო წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (რომელიც 79.6%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე და მშპ-ის 6.7% შეადგინა) 1.6-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი,”- ნათქვამია Galt & Taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, პარასკევს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია. მისი მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მან მხოლოდ 4.1% შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წელს დეფიციტი 10.1% იყო, 2020 წელს კი ის 12%-ს აღემატებოდა.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები