მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუარესდა - რას ნიშნავს ეს

დოლარი ლარი ფული

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი წინა წელთან შედარებით გაუარესდა და მან მთლიანი შიდა პროდუქტის 4.9 პროცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 4.6%-ს შეადგენდა. თანხობრივად დეფიციტის ზომამ 366 მილიონი დოლარი, ანუ 936.5 მილიონი ლარი შეადგინა.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

“მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 13.0 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 15.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.4 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2023 წლის მეორე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.6 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს  15.0 პროცენტით აღემატება.

2023 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -633.5 მლნ აშშ დოლარი (-1.6 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 36.7 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 0.8 პროცენტით გაიზარდა და 2023 წლის მეორე კვარტალში 771.8 მლნ აშშ დოლარს (2.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1.6 პროცენტით გაიზარდა 719.6 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 472.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია. ყველაზე დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა და მან მშპ-ის 4.1% შეადგინა. საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2023 წელს ქვეყანაში 5.4%-იან დეფციიტს პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები