მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერის მოადგილე: ტრანსპორტის კუთხით, დიდი დიღომი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია

5d8b912d7f2ff
დავით ჯალაღონია
28.09.19 13:17
3115
თბილისის მერიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, დიდი დიღმის მიმართულებით დაიწყება თუ არა მიწისზედა მეტროს ხაზის განვითარება.

როგორც მერის მოადგილემ გადაცემაში "საქმის კურსი" საუბრისას განაცხადა, დიდი დიღომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით კარგად განვითარებული არ არის და სამომავლოდ, გარდა ავტობუსებისა, ამ არეალში რა სახის ტრანსპორტი იქნება საჭირო, ეს დაგეგმილმა და მიმდინარე კვლევებმა უნდა აჩვენოს, რაც ამ სფეროში მერიის ინიციატივით ხორციელდება.

"დიდი დიღომი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია და ის განაშენიანება, რაც იქ პერსპექტივაში არის ჩაფიქრებული და უკვე მიმდინარეობს, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სათანადოდ უზრუნვლყოფლი.

"სისტრას" კვლევის მიხედვით, რომელიც სატრანსპორტო მარშრუტებს, ავტობუსის გაბარიტებსა და მოცულობებს ადგენს, ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ ის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ლუბლიანადან დაიწყება და უნივერსიტეტამდე დამთავრდება, რომლის დაპროექტებას ახლა ვიწყებთ, 24-მეტრიან, ასევე 18 და 12-მეტრიან ავტობუსებს უნდა მოემსახუროს და შესაბამისად, იმ განაშენიანების პიროებებში, რომელიც უკვე დაგეგმილია, დიდი დიღმის მოსახლეობას ეს სატრანსპორტო სქემა უზრუნველყოფს;

თუმცა ქალაქი მზარდია. თბილისი წლების განმავლობაში გაიზრდება, 10 წელიწადში თბილისი სულ სხვა იქნება, შესაბამისად, სწორედ გენერალურმა გეგმამ 15-წლიან პერსპექტივაში უნდა დაგვანახოს, ქალაქის ზრდის სცენარის გათვალისწინებით, საჭირო იქნება თუ არა დამატებითი სატრანსპორტო უზრუნველყოფა, ისევე როგორც - გზების. ეს შეიძლება იყოს შემოვლითი გზა, ან არსებული გზის გამოყენება ახალი სატრანსპორტო გადაწყვეტისთვის, იქნება ეს ტრამვაი, მიწისზედა მეტრო თუ სხვა, შესაბამისად, აქ ჩვენ დადასტურებულად არაფრის თქმა შეგვიძლია“, - განმარტა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან და დანიურ კომპანია „რამბოლთან“ ერთად დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობას იწყებს. დოკუმენტი დანიურმა კომპანიამ 11 თვეში უნდა მოამზადოს. გარდა ამისა, კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების დასაგეგმად მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ შესაბამისი კვლევის დასრულებას ელოდება.