მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზურნიშვილი: უნდა გავაჩინოთ სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის

5ee114cdf22a3
BM.GE
10.06.20 21:30
948
„ჩვენ ამ ცვლილებით უნდა გავაჩინოთ ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის, რომელიც დღეს დარღვეულია. ასეთი კონკურენტუნარიანობის შედეგად მივიღებთ დარეგულირებულ ფასებს. ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება ევროპული პრაქტიკა - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გრადაცია, ანუ ბენზინზე აქციზის ფასი იქნება 37,8 თეთრი, დიზელზე - 33,5 თეთრი, შემდეგ იქნება თხევადი გაზი და ბოლოს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საგადასახადო კოდექსში ცვლილებზე საუბრისას, რომელიც ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, დღეს არის თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანი რთული სისტემა და ცვლილებებით მოხდება მათი გაერთიანება და მოხდება ერთიანი გადახდა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, დღეს სოციალური თხევადი გაზი უფრო ძვირია, ვიდრე კომერციული გაზი.

„დღეს ძალიან დიდი ხარვეზია. როდესაც სტატისტიკა ვნახეთ აღმოჩნდა, რომ იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციის გამო სოციალური გაზის მოხმარება შემცირებულიყო, მოხდა პირიქით, მისი მოხმარება გაიზარდა, ხოლო კომერციულ გაზში ცვლილება არ იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხდება სოციალური გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, კერძოდ, მანქანის საწვავად გამოყენება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ცვლილების შედეგად თხევადი გაზის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობისთვის მოახდენს ფასის სხვაობის სუბსიდირებას.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ნავთობპროდუქტი, რომელიც თხევადი გაზის ერთ-ერთი სახეობაა, შემოდიოდა აბსოლუტურად დაბეგვრის გარეშე და ამ ცვლილებებით მასზე აქციზი დაწესდება.​