მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსიმძლავრის სადგურების დღგ-გან გათავისუფლებაზე კანონპროექტი მომზადდა

632b170815ea5
მარიამ ვარადაშვილი
21.09.22 19:00
1021
მზის ენერგეტიკის ასოციაციამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განახლებადი ენერგიების საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს. როგორც ასოციაციის წევრმა, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა და ინიციატივის თანაავტორმა, თორნიკე დარჯანიამ BMG-ს უთხრა, კანონპროექტი უკვე მზად არის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პარლამენტში მის დასარეგისტრირებლად. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობისათვის, აუცილებელია მის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.

თუ პარლამენტი კანონპროექტს ამ ფორმით მხარს დაუჭერს, მაშინ ფიზიკური პირები მიკროსიმძლავრის სადგურის დამონტაჟებისას მოწყობილობა-დანადგარების/მასალების მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ინიციატივის თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გულისხმობს საბოლოო მომხმარებლის სარგებლობაში არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს;
2. უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სემეკის მიერ უფრო მაღალი ზედა ზღვარია განსაზღვრული (ასეთ შემთხვევაშიც, კომისიის მიერ დადგენილი ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს).

შეღავათი გავრცელდება მზის, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურზეც კი.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფიზიკური პირისთვის მოწყობილობა-დანადგარებისა და მასალების მიწოდება და მომსახურების გაწევა ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროს დამონტაჟებისათვის, რომელიც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კვტ-ს.

"დღეის მდგომარეობით, მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე, რომელიც აღრიცხვაშია ჩართული, დაახლოებით 25 მეგავატია. 2021-2022 წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მზის სადგურების რიცხვი, რაც განაპირობა იმან, რომ ტარიფი გაიზარდა და მოთხოვნაც გაჩნდა, თუმცა ეს მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხირდან არის, რადგან მათ უფრო მეტად გაუძვირდათ ელექტროენერგია. ამ 25 მეგავატში, რაც დაყენებულია, მცირე წვლილი აქვთ ფიზიკურ პირებს, დაახლოებით 10%. ამიტომ, მზის ენერგეტიკაში მოღვაწე კომპანიების მიერ მომზადდა კანონპროექტი, რაც ფიზიკური პირების დღგ-გან გათავისუფლებას ითვალისწინებს”,-ამბობს თორნიკე დარჯანია.

მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის მცირე სადგურებზე [მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური] ევროკავშირის ქვეყნებშიც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად გერმანიას ასახელებს, სადაც მფლობელი დღგ-გან გათავისუფლებულია.

“ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი, ვგულისხმობ წამახალისებელ მექანიზმებს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დღგ-ს შემოსავალი ბიუჯეტს აკლდება, თუმცა მეორე მხარეს დიდი სარგებელი იქმნება, თუნდაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით. ეს სადგურები ანაცვლებს იმპორტს და ამავე დროს, აბსოლუტურად სუფთაა ეკოლოგიური თვალსაზრისით. ფიზიკური პირების მიერ დადგმული სიმძლავრე რაც არის მაქსიმუმ ნახევარი მილიონი დააკლდეს ბიუჯეტს. გენერაციის წყაროების მსგავსად, ჩვენს იგივე პრობლემა გავქვს. ჩვენც დიდ სადგურებს ვერ ვაშენებთ, რომელიც იქნება ქსელზე მიერთებული და ბირჟაზე ივაჭრებს. ასევე, არ გვაქვს PPA მექანიზმი [გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება] და არც ენერგეტიკული ბირჟა იხსნება, რომ ვნახოთ რა იქნება საფასური, იქნებ გვიღირდეს ინვესტიციის განხორციელება. დღეს ვინმემ სადგური რომ გააკეთოს, ძალიან გაუჭირდება პროგნოზი, თუ რა ფასში იყიდის მას ესკო, რადგან მასზე ხდება სწორება. აქედან გამომდინარე, დიდი სადგურების მშენებლობაში ინვესტირება თითქმის არ ხდება. მხოლოდ ჩვენ არა, ქარის და ჰიდრო სადგურებიც ელოდებიან ამ მექანიზმის შემოღებას”,-ამბობს დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები