მზის ენერგიის განვითარების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სიმძლავრის მესამე აუქციონის გამოცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი ეკონომიკის სამინისტრო პროექტებისთვის დამატებით კრიტერიუმებს შემოიღებს.
როგორც თორნიკე დარჯანიამ BMG-ს განუცხადა, ბიზნესს კვლავ რჩება კითხვები მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგენილ მედიანურ ტარიფებთან მიმართებაში. შესაბამისად, მისი თქმით, თუკი მორიგი აუქციონი ჩატარდება, ეკონომიკის სამინისტრომ წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილი უნდა შეისწავლოს.
„მზის ელექტროსადგურების მედიანური ტარიფი 5.6 ცენტია და ეს მეტ-ნაკლებად მისაღებია კერძო სექტორისთვის, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს შემნახველი ბატარეების შემთხვევაში. ამ მიმართულებით მედიანური ტარიფი 6.34 ცენტი გამოვიდა მედიანური ტარიფი, ეს მიუღებელია, რადგან ამ ტარიფით შეუძლებელია პროექტების განხორციელება. მესამე აუქციონის გამოცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს უნდა შეისწავლის და დაადგენს, შემოთავაზებული ტარიფი და პროექტი რამდენად რეალურია. ჩვენი ინფორმაციით, მეორე აუქციონში ბევრი კომპანია შევიდა აბსოლუტურად არასწორი და დაუსაბუთებელი ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლებით, რამაც საბოლოოდ რიგი მიმართულებით ტარიფები ქვემოთ დასწია. ამიტომ თუკი ეს მიმართულებები არ იქნება შესწავლილი, მესამე აუქციონის გამოცხადებას აზრი არ ექნება“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სამომავლოდ CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებას გეგმავს, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მესამე CFD აუქციონი უნდა ჩაატაროს. როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, კერძო სექტორში ამ საკითხზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს და ერთიანი პოზიციის ეკონომიკის სამინისტროსთან წარდგენა იგეგმება.